Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 სექტემბერს ბრიფინგს გამართავს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია


საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია 18 სექტემბერს, 11:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს, - იტყობინება „ინტერპრესნიუსი". წინასწარ უცნობია ბრიფინგის თემა.

„მთავარმა არხმა“ 17 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

ნადირაძე 2013 წლის 26 აპრილს თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩეხეთში დააკავეს, რის შემდეგაც ის საქართველოს გადასცეს.

ზურაბ ნადირაძე 1994 წლიდან ძებნილი იყო, 2000 წლიდან კი - ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

საქართველოს შსს-ს ცნობით, ჩეხეთის პოლიციამ ნადირაძე არაერთხელ დააკავა, თუმცა სასამართლო ექსტრადიციის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა.

როგორც ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2010 წელს განაცხადა მომხსენებელმა ფრანტიშეკ დუხონმა, „არსებობს სერიოზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნადირაძეს საქართველოში სასტიკი მოპყრობა და სასჯელი ელის“.

1994 წელს თბილისში დაბადების დღეზე ატეხილი ჩხუბისას ოთხი ადამიანი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. ერთი მათგანი, გიორგი ქოიავა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე ამტკიცებდა, რომ არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკური მოტივებით დევნას განიცდის, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

XS
SM
MD
LG