NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 49 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. საპირისპიროს მოქალაქეთა მხოლოდ 18 % ფიქრობს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, 2010 წლის შემდეგ ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
როგორც NDI-ში აღნიშნავენ, ახალი მონაცემები წინა წლების მსგავსად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. მოსახლეობის 21 % ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს აქტიურად ეძებს. მოქალაქეთა მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს, ხოლო 43 % ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა. მოსახლეობის ნახევარმა კი აღნიშნა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო ვერ მოახერხა კომუნალური გადასახადების დაფარვა. ეროვნულ დონეზე მოსახლეობის მხოლოდ 10 % ამბობს, რომ დანაზოგი აქვს.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული პესიმიზმი იზრდება, რაც, სავარაუდოდ, მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკის უარყოფით შეფასებას უკავშირდება“, - განაცხადა ლორა თორტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა. მისი თქმით, მოქალაქეები ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლად ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიჩნევენ, რაც პირდაპირი მესიჯია ქვეყნის ლიდერებისთვის, რომ ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების პრობლემები შეიმუშაონ.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.