„ეს წიგნი ყველაზე მეტად "ვეფხისტყაონის" მკითხველების ამბავია. მათ იმიტომ ჰქვიათ ვეფხისტყაოსნები, რომ ყველა მკითხველი ატარებს მას ისე, როგორც ტარიელი ატარებდა ვეფხვის ტყავს“, - ასე დაახასიათა პოეტმა და ლინგვისტმა დიანა ანფიმიადიმ თავისი ახალი წიგნი სახელად „ვეფხისტყაოსნები“, რომელიც სულ ახლახანს გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“.
„ერთ მშვენიერ დღეს შოთა რუსთაველმა დაასრულა თავისი პოემა, ვიზეიმეთ ქორწილები, თან განა ერთი? რამდენიმე – ამისაგან, იმისაგან, აქ, იქ... თითქოს ამბავი დასრულდა, თუმცა, მე რომ მკითხოთ, სწორედ იქ დაიწყო ნამდვილი ამბავი – პოემის წაკითხვის, შეყვარების, გადაწერის, დახატვის, დაზეპირების, გაგრძელების ნამდვილი საგა“ - წერს დიანა და თავის პროზაულ ტექსტში მოგვითხრობს ამბავს იმისას, თუ როგორ გადაწერდნენ შოთა რუსთაველის ამ ლეგენდარულ პოემას, ვინ იყვნენ და ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ მისი გადამწერები, რა წარწერებს ტოვებდნენ ხელნაწერების თავისუფალ ველებზე მკითხველები, რა აბრაზებდათ და რა აღაფრთოვანებდათ, ან უბრალოდ, რისი გაზიარების სურვილი უჩნდებოდათ.
ყველა გადამწერის თუ მკითხველის მიერ დატოვებული მინაწერი ერთ რამეზე მეტყველებს - ეს, ალბათ, ყველაზე ცოცხალი წიგნია ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
„ეს წიგნი დაწერილია და დარჩების საკითხავად
ეს ვეფხისტყაოსანი მე მქონდა და დავასრულე აგვისტოს 10-სა 1861 წელს.
რომელთაცა მიიღოთ წიგნი ესე კარგად იხმარეთ“
პირველად „ვეფხისტყაოსნის“ მინაწერების მიხედვით რომანის დაწერის იდეა დიანა ანფიმიადს მაშინ გაუჩნდა, როდესაც ილიუნის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის მიერ გაკეთებული, ვეფხისტყაოსნის პარალელური კორპუსის ელექტრონულ პლატფორმაზე დამუშავებული და ერთად თავმოყრილი „ვეფხისტყაოსნის“ მინაწერები ნახა.
რომანი ამ ჯერზე არ გამოვიდა, სამომავლოდ გადადო, სამაგიეროდ, „ვეფხისტყაოსნები“ დაიწერა - მხატვრულ-დოკუმენტური ტექსტი სამეცნიერო ელემენტებით. ამ წიგნში ზოგი რამ ნამდვილია, ზოგიც - გამონაგონი.
ნახევრად გამონაგონია, მაგალითად, გადამწერ მანანას ისტორია. მანანა ნამდვილად არსებობდა და მისეული „ვეფხისტყაოსნის“ ორი ხელნაწერიც არსებობს: ერთი ადრეული - ზედ სასიყვარულო მინაწერებით, მეორე გვიანდელი, უიმედო ტექსტებით - რა ტყუილად დავკარგე დრო ამ „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერითო.
რა შეიძლება მომხდარიყო ამ ორი ხელნაწერის გადაწერას შორის პერიოდში?
„ვიფიქრე, რომ ამის ყველაზე მარტივი ახსნა წარუმატებელი სასიყვარულო ისტორია იქნებოდა და ეს ამბავი გამოვიგონე, რაც წიგნში წერია“, - მოგვითხრობს დიანა ანფიმიადი.
სამაგიეროდ, ნამდვილია მე-17 საუკუნის იმ ხელნაწერის პოვნის და გადარჩენის ამბავი, რომელიც ფრიდონ წერეთელს დაუკარგავს ეტლში, მერე ერთ ნოქარს უპოვია და საბოლოოდ, ეს ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ ჯერ დავით სარაჯიშვილის, ბოლოს კი ექვთიმე თაყაიშვილის ხელში აღმოჩენილა.
ამ ამბების გაცოცხლებით, დიანა ანფიმიადს ერთი მიზანი ჰქონდა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ უფრო ახლობელი წიგნი გამხდარიყო იმ მოზარდებისთვის, ვინც მის კითხვას ახლა იწყებს განწყობით - „ამას რა წამაკითხებს“.
მიზანი იყო ისიც, რომ წიგნი, რომელიც როგორც დიანაც ამბობს, „ძეგლივით არის წამოსკუპებული“ და მას ადამიანები რაღაცნაირად ძალიან დაშორდნენ და სულ უფრო იშვიათად კითხულობენ, დაბრუნდეს საკითხავ წიგნად.
„ვეფხისტყაოსნების“ მხატვარი სოფო კირთაძეა, ოღონდ მხატვრობა აქ ტექსტის ნაწილია და არა უბრალოდ გაფორმება. ამიტომაც ამბობს წიგნის ავტორი, რომ "ეს არის სურათებიანი წიგნი დიდებისათვის“.
„ვენაცვალე წიგნო შენსა პატრონსა“ - ამბობს ერთი მინაწერი და თავისი გულის არითმიის მიზეზსაც ასახელებს: „როგორც მე ამ წიგნმა მამიდო ცეცხლი, ღმერთო ისე შენ მოუკიდე ცეცხლი ლევანის ძეს აბა ამას ტანჯვით. ღმერთო ამა ტანჯვით რისთვის დამბადე, რომ გავები სიყვარულის მახეში როგორც მე ამ წიგნში“.
ერთ ხელნაწერს კი ასეთი მინაწერი აქვს:
„ხოლო მეფემ აჩუქა ხახული აბაშიძეს, რომელმაც გამოატანა სამზითვოდ თავის ქალიშვილს ნინოს...“ შემდეგ, როგორც ჩანს, ნინო აგრძელებს თავისი ოჯახური ბედნიერების ამბავს: „მე დავიწერე ჯვარი 1886 წლის გიორგობის თვის 10. ჩემი ბიჭი დაიბადა 1887 ოქტომბრის 26 დღეს, მოინათლა 1889 წლის მარტში 3 დღესა პარასკევსა“...
კიდევ რისი კვალი ამჩნევია წიგნს? წერს დიანა ანფიმიადი - „ვალების, რასაკვირველია, ვალების, ვალის გარეშე ქართველი რის ქართველია?“
„სახლის ქირა რომ ავიღე ერთი თუმანი, სამი მანათი ნანას მივეცი პურის საცხობშია, ორი მანათიცა ივანეს ქუდისთვის გავგზავნე. რაცა დარჩა ხუთი მანათი სამი მანათისა მაშოს კაბა და საცვლები უყიდე, მანათი და ორი შაურით ბიჭს ხალათი და პერანგი, სამი აბაზისა შაქარი, სამი შაურისა კოჭის ძაფი, ერთი შაურისა ნავთი“ და ა. შ. და ა. შ.
და ისევ დიანას სიტყვებით რომ ვთქვათ, წიგნი ზოგჯერ ნაძლევის დადების თვითმხილველია, ზოგჯერ წყევლისა თუ დამუნათების შემნახველი, ხან მემატიანე და ხან ლოცვის ადგილი, ხანაც ნამდვილი, მკითხველური ბედნიერების მომსწრე.
- „ამიაშვილის ასული მაია აქანა კითხულობს“...
- „მიწყალე მე ღმერთო“, მიუწერია ერთს.
- „ეს წიგნი ეკატერინესი იყოს, ღმერთმა მოახმაროს“, უთქვამს მეორეს. „წელსა ჩყიბ (1812) თვესა ნოემბრის მ (30) ამ რიცხვში დაწერილ არს: საქართველოს აზნაურიშვილი მაისურაძის ასული ნინო; პირველი ხელნაწერი არის და რაც შეცდომით მამსვლია ნუ დამგმობთ“.
ცალკე ამბავია თავად „ვეფხისტყაოსანთან“ მისი მკითხველ-გადამწერების დამოკიდებულება. ზოგისთვის ის სასასთუმლე წიგნი იყო, ძლიერ საყვარელი, თუმცა, ისეც ხდებოდა, რომ ამ წიგნს მტკვარში ყრიდნენ და ანადგურებდნენ.
მოკლედ, „კუმატი დღეების“, მანანას, მამუკა თავაქარაშვილის, „ვეფხისტყაოსნის“ კამფეტების", ამიაშვილის ასული მაიას და სხვა ამბებს ამ წიგნში წაიკითხავთ, მერე კი, იქნებ „ვეფხისტყაონის“ თაროდან ჩამოღება და გადაფურცვლაც მოგინდეთ.