Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი პოლიციელებს პატივისცემას უდასტურებს და შეწყალების თემაზე ინიციატივით გამოდის


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალები, გარემოებები და მოტივაცია საჯაროდ ვერ განიხილება.

„თუმცა ჩემთვის ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ჩემ მიერ გამოცემულმა შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი რამ არ განმეორდეს, პრეზიდენტი შემდეგი ინიციატივით გამოდის:

„დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს, როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

სახელმწიფოს მეთაური სამართალდამცავი ორგანოს შესახებაც გამოთქვამს საკუთარ პოზიციას.

„და ბოლოს, ზოგმა რეაქციამ კითხვის ქვეშ დააყენა პოლიციის ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ამ საკითხზე ჩემი კატეგორიული და ურყევი პოზიციის გამოხატვა, რაც არაერთხელ გამიკეთებია ყველაზე საჭირო მომენტებში. არაერთხელ განვაცხადე, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება, ჩვენი პოლიციელების ერთგულებაზე და თავდადებაზე არის დაფუძნებული. ამიტომ, თუ ჩემი გადაწყვეტილება პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და დავპირდე მათ, რომ არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება ხმაურიანი აღმოჩნდა. ერთ-ერთი შეწყალებული, რამაზ დევაძე, ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.

XS
SM
MD
LG