Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი 8 სექტემბერს უყრის კენჭს


პარლამენტი საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას ხვალიდან დაიწყებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე განაცხადა.

4 სექტემბერს სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს მოუსმენენ, რის შემდეგაც ასევე სამი კომიტეტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ბატიაშვილსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკა ტიკარაძეს მოუსმენს.

5 სექტემბერს შს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილსა და შერიგიებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.

ასევე 5 სექტემბერს მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.

6 სექტემბერს კი მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება და პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციები მოუსმენენ.

7 სექტემბერს მთავრობის ახალ შემადგენლობას „პატრიოტთა ალიანსის“ და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციები და ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუსმენენ.

8 სექტემბერს კი პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა.

მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 3 სექტემბერს წარადგინა პარტიის პოლიტსაბჭოს ერთსაათიანი სხდომის დასრულების შემდეგ.

დღესვე ცნობილი გახდა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა.

XS
SM
MD
LG