Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა.

მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 3 სექტემბერს წარადგინა პარტიის პოლიტსაბჭოს ერთსაათიანი სხდომის დასრულების შემდეგ.

„პოლიტსაბჭოზე მე, როგორც თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან და იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ობიექტური შეფასება ჩვენი არჩევანისა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ივანიშვილის თქმით, გახარიამ თავისი მოღვაწეობით - დაწყებული ბიზნესომბუდსმენობით, შემდეგ კი ეკონომიკის და შინაგან საქმეთა მინისტრობით - ღირსეულად დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტი გიორგი გახარიას კანდიდატურას აუცილებლად დაამტკიცებს.

გიორგი გახარია 2017 წლის ნოემბრიდან იკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას.

ორ თვეზე მეტია საქართველოში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისს, სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებებით დაშალეს პარლამენტთან მიმდინარე, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია. დაშავდა ორასზე მეტი ადამიანი. რამდენიმემ თვალი დაკარგა. აქციის დაშლას წინ უძღოდა დემონსტრანტების ერთი ნაწილის მიერ პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

XS
SM
MD
LG