Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააგენტო იტყობინება სამთავისში სასულიერო პირთა ინიციატივით მიმდინარე უნებართვო სამუშაოებზე


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ზედამხედველობის სამსახურმა სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები აღმოაჩინა.

სააგენტო „ფეისბუკზე“ წერს, რომ სამთავისში საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა.

„ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად სამთავისში სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომელთა წინასწარი შეფასებით ახლად მოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო ბილიკი ნიჩბისის ქვის ტრადიციული ქართული წყობითაა დაგებული“, - აცხადებს სააგენტო.

უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ეპარქიას წერილობით გაფრთხილების გაგზავნას გეგმავს.

როგორც სააგენტო აცხადებს, ახლად გამოვლენილი ფაქტის შესახებ ეცნობება საქართველოს საპატრიარქოსაც: წარმოებული უნებართვო პროცესის შედეგების გამოსასწორებლად სააგენტო ეპარქიას 6 თვის ვადაში სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმებას მოსთხოვს.

სამთავისის კომპლექსში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშს სააგენტო უხლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

XS
SM
MD
LG