Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშედეგო შეხვედრა ერგნეთში - ოსური მხარე ჩორჩანას საგუშაგოს აღებას მოითხოვს


სოფელ ერგნეთში უშედეგოდ დასრულდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრა, რომელზეც 29 აგვისტოს ათამდე საკვანძო საკითხი უნდა განეხილათ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა მედიასთან საუბარში, ოსურმა დელეგაციამ შეხვედრა დატოვა.

29 აგვისტოს ერგნეთში ყველა იმ ინციდენტზე უნდა ესაუბრათ, რაც ბოლო შეხვედრის შემდეგ კონფლიქტის ზონაში მოხდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში, ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი მოსახლეობის სახლების დანგრევის და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები. ასევე, როგორც ანთაძემ თქვა, შეხვედრაზე უნდა ესაუბრათ არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტზეც.

თუმცა შეხვედრის მთავარ და ერთადერთ საკითხად ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან შექმნილი ვითარება იქცა, რაც გახდა კიდეც შეუმდგარი მოლაპარაკების მიზეზი.

"ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიჭირეს დესტრუქციული პოზიცია, დააყენეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირებას თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენ ვუთხარით, რომ IPRM არ არის ის ფორმატი,სადაც ულტიმატუმის ენით საუბარი მისაღებია და რომ კონსტრუქციული დიალოგით შესაძლოა პრობლემის მოგვარება. სამწუხაროდ, მათ არ გაიზიარეს ჩვენი შეთავაზება და შეხვედრა ჩაშალეს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისი სიტყვებით, სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას. ანთაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მჭიდრო კოორდინაცია აქვს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ოსურმა მხარემ მოითხოვა, ქართულ მხარეს ე.წ. სასაზღვრო ტერიტორიიდან გაეყვანა შეიარაღებული ფორმირებები და შეეწყვიტა უკანონო მშენებლობა.

„უკანონოდ“ კი მიჩნეულია საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანის ტყეში გზის გაყვანა და იქ პოლიციის საგუშაგოს განთავსება.

სოფელი ჩორჩანა ესაზღვრება ოკუპირებულ სოფელ წნელისს, რომელსაც ოსური მხარე უისტად მოიხსენიებს. 28 აგვისტოს, ჩორჩანის მახლობლად, საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მათი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გადაადგილდებოდა.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართული საპოლიციო საგუშაგო მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამიტომ, მისი სიტყვებით, ნებისმიერი ულტიმატუმი, თუ სად განალაგოს საქართველომ საკუთარი საპოლიციო ძალები, „შეიცავს ცინიზმის გაჯერებულ აფსურდს“.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდგომი შეხვედრა 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG