29 აგვისტოს დილის მდგომარეობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების გადაადგილება აღარ შეინიშნება.
28 აგვისტოს, ამ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების და მათი ტექნიკის გამოჩენას ქართული მხარე გააპროტესტებს ერგნეთში, სადაც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
„საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე“ - განაცხადა თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მან საოკუპაციო ძალების ასეთ ქმედებებად დაასახელა სოფელ გუგუტიანთკარში განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია, რომლის დროსაც ადგილობრივ, მკვიდრ მოსახლეობას პირდაპირ ეზოში აღუმართეს უკანონო, ხელოვნური ბარიერები.
ირაკლი ანთაძის თქმით, მწვავედ გააპროტესტებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებსაც, რაც დაძაბულობის ხელოვნურად ესკალაციის მცდელობაა.
ჩორჩანა ესაზღვრება ოკუპირებულ სოფელ წნელისს, რომელსაც ოსური მხარე უისტად მოიხსენიებს. საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებული ჩორჩანის მახლობლად საოკუპაციო ძალების გამოჩენამდე, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენჯერმე გააპროტესტა სოფლის ტყეში გზის გაყვანა და იქ ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსება.