საქართველოდან ევროპის ქვეყნებისკენ ავიამიმოსვლას იწყებს მსოფლიოში წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი.
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება 21 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გააფორმეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ბრაიენმა.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ირლანდიურ ავიაკომპანიასთან შეთანხმებით, პირდაპირი რეისები სულ 12 მიმართულებით შესრულდება თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან.
წელს Ryanair-ის თვითმფრინავები იფრენენ თბილისი-მილანის, ქუთაისი-ბოლონიის და ქუთაისი-მარსელის მიმართულებებით. თბილისის ეროპორტიდან მილანისკენ 4 რეისი შესრულდება, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელისკენ 2-2 რეისი. მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყება ავიამიმოსვლა თბილისი-კიოლნის მიმართულებითაც.
Ryanair-ის ვებსაიტზე უკვე იყიდება ნოემბრის ავიაბილეთები თბილისიდან მილანისკენ და მათი ფასი 26.55 ევროდან იწყება.
რეისებს ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის ქალაქებისკენ და პირიქით 2012 წლიდან ასრულებს დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-იც.