Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყინწვისის ეკლესიის წინამძღვარი: იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა


„იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა“, - განაცხადა ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა დეკანოზმა ეფრემმა. მისი განმარტებით, ტაძარში მიმდინარე სამუშაოების დროს არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა. დეკანოზის განმარტებით, იატაკი 60-იან წლებში ჩატარებული რესტავრაციის დროს გამოცვალეს: „ამ ტაძარს რესტავრაციის გაკეთება მოუწია. ეს იყო კომუნიზმის რეჟიმის დროს ჩამოსხმული. ბორდიურები იყო დაზიანებული, რომელიც მტვრის ბუდე იყო და ძვირფასი მარმარილოთი მოხდა ამის ჩანაცვლება. აქ არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა, ისტორიულად ყოველთვის ახლდებოდა და კეთდებოდა“,- განუცხადა ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა „ინტერპრესნიუსს“.

სასულიერო პირების მიერ ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში მწვანე მარმარილოს იატაკის დაგებას 10 აგვისტოს კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს თანახმად, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულებელყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.

„იატაკის ახალი საფარი სრულ შეუსაბამობაშია ტაძრის ინტერიერის მხატვრულ არქიტექტურულ სახესთან და თავისი სარკისებრი ზედაპირით უხეშად აკნინებს კედლებზე შემორჩენილ XIII საუკუნის დასაწყისის კედლის უნიკალურ მხატვრობას. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის დარღვევითაა მოწყობილი ამბიონის საფეხური, რომელიც მასიური ქვის ნაცვლად მომცრო ფილებით არის მოპირკეთებული. დიდი ალბათობით, უნებართვო და არასათანადო ჩარევის რისკის ქვეშ იმყოფება ყინწვისის გვიანი შუა საუკუნეების დროინდელი კანკელიც“, - წერს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო და დროულად რეაგირებას მოითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირებას მოახდენს მომხდარზე საპატრიარქო; 10 აგვისტოს, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "Imedinews"-სს განუცხადა, რომ დაზუსტებით ჯერ არ შეუძლია იმის თქმა, რა ქმედებები იქნება განხორციელებული საპატრიარქოს მხრიდან. მისივე განმარტებით, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ საპატრიარქოსთვის ცნობილი არ იყო.

თავის მხრივ, გამოძიების დასაწყებად მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ამის საჭიროება არ იყო, რადგან ჩატარებული სამუშაოები გამოსწორებას ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG