„რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელსაც მთავარ პროკურატურაში ბრალის დადგენილება გადასცეს, საგამოძიებო ორგანოს უპასუხა.
ბინების ეპიზოდი
პროკურატურის ბრალდება: პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბინების შესახებ ბრიფინგის ბოლოს ისაუბრა.
„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, საკუთრებაში მიიღო, ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში, ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა „რუსთავის 2-ის“ იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა - საერთო ჯამში 602 521 ლარად“, - თქვა პროკურორმა.
ნიკა გვარამიას პასუხი: მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2-ის“ ყოფილ დირექტორს გენერალურ პროკურატურაში ბრალის შესახებ დადგენილება გადასცეს, მან მედიას განუცხადა, რომ „ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი!“ გვარამიას შეფასებით, გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა და ამიტომ მის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელს შეიტანს, პატივისა და ღირსების შელახვისთვის.
რაც შეეხება ბინებთან დაკავშირებული საკითხის დეტალებს, როგორც გვარამია ამბობს, თანხა, რომელიც საკუთარი ბინის გაყიდვიდან ჰქონდა, „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლების ხელფასების ანაზღაურებაზე მიმართა. მისი თქმით, მოგვიანებით, თანხის სანაცვლოდ, მან კომპანიისგან ბინები მიიღო. ნიკა გვარამიას მტკიცებით, ამ ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს: სესხის ხელშეკრულება, ფულის შეტანის ქვითარი და ბინების სახით ვალის დაბრუნების საბუთიც.
„თქვე ნაბი**რებო, ხო გაქვთ ეს საბუთები, როგორ ბედავთ, მოპარვა დამაბრალოთ“, - მიმართა გვარამიამ პროკურატურას.
„ინტერმედია პლუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება
პროკურატურის ბრალდება: პროკურატურის ცნობით, ნიკა გვარამიამ მისი ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე დაუთმო „ინტერ მედია პლუსს“ კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.
როგორც საგამოძიებო ორგანო აღნიშნავს, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების გადაცემისთვის ანაზღაურება წინასწარ შეთანხმებული ოდენობით წარმოებდა და ის მოხმარებულ სარეკლამო დროზე არ იყო დამოკიდებული.
შედეგად, როგორც პროკურატურა ამტკიცებს, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში შ.პ.ს. „რუსთავი 2-ის“ ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, შ.პ.ს „ინტერ მედია პლიუსის” დეკლარირებულმა მოგებამ კი - 8 690 664 ლარი. პროკურატურის ცნობით, ამ კონტრაქტის მიზანი ნიკა გვარამიას მეგობრების კუთვნილი „ინტერ მედია პლიუსის“ ფინანსური გამორჩენა იყო.
ნიკა გვარამიას პასუხი: „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ხელმძღვანელი კონტრაქტის გაფორმების ორ შესაძლო ვარიანტს განმარტავს. პირველი ტიპის ხელშეკრულება, რომელიც მიბმულია მოგებაზე, თუმცა წლის განმავლობაში დაგეგმილ ბიუჯეტზე ნაკლები შემოსავლის მიღების რისკს შეიცავს.
მეორე ვარიანტი კი ხელშეკრულების წინასწარ შეთანხმებულ თანხაზე გაფორმებას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ტელეარხი გარანტირებულად მიიღებს თანხას და არც ხელფასის გაცემა დგება კითხვის ქვეშ. თუმცა ისიც დასაშვებია, რომ კონტრაქტორ კომპანიას მეტი შემოსავალი დარჩეს.
გვარამიას თქმით, იმის გამო, რომ 2015 წელი რისკებს შეიცავდა, სწორი იყო წინასწარ დადგენილი თანხით ხელშეკრულების გაფორმება.
როგორც სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი განმარტავს, მან შუა წლის განმავლობაში დაინახა, რომ რისკები, რომელიც მან ამ კონტრაქტით დააზღვია, ბაზარზე ნაკლებად ახდენდა გავლენას და ამიტომ შეიძლებოდა ტელეარხს დიდი შემოსავალი დაეკარგა.
„ამის შემდეგ „ინტერმედიასთან“ ძალიან მკაცრი მოლაპარაკება მქონდა, მათზე საბაზრო უპირატესობა გამოვიყენე და მომდევნო წელს დავაბრუნებინე არა 7, არამედ 9 მილიონი. ცხადია, ვუთხარი, რომ მომავალში უბრალოდ კონტრაქტს არ დავუდებდი და ამ გზით თანხა მაინც დავაბრუნებინე. მიუხედავად იმისა, რომ ამ დავას სამართლებრივად ვერ მოვიგებდი“, - თქვა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარუდგინა, რაც სხვა სანქციების გარდა, სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.