20 წლის წინ, 9 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, სულ რაღაც 18 თვის განმავლობაში, ქვეყნის მეოთხე პრემიერ-მინისტრი დანიშნა - ვლადიმირ პუტინი; უშიშროების სამსახურის ამ დღემდე შედარებით უცნობი ხელმძღვანელი, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება თითქმის არ ჰქონდა, იმავე დღეს თავის მემკვიდრედაც დაასახელა.
ეს იყო დრო, როცა წასასვლელად გამზადებული ელცინი თავის გარემოცვაში მემკვიდრეს ეძებდა; მაშინ ცოტა ვინმე თუ იწინასწარმეტყველებდა, რომ გავიდოდა ოცი წელი და პრეზიდენტი კვლავ პუტინი იქნებოდა იმ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოს საქმეებში მთავარი როლის შესრულებას ცდილობს. მაგრამ 20-ე წლისთავი უცვლელი ლიდერის მმართველობაში გაურკვევლობის პერიოდს ემთხვევა.
პუტინის მაღალი რეიტინგი დასავლეთის ბევრ ლიდერს შეშურდებოდა, მაგრამ ეკონომიკურმა სტაგნაციამ და ცხოვრების დონის ვარდნამ ბოლო დროს მის რეიტინგს ძლიერი დარტყმა მიაყენა.
ბოლო საპროტესტო აქციები მოსკოვში, რომლის დროსაც 1400 მონაწილე დააკავეს, თავისი მასშტაბით მოგვაგონებს 2012 წლის საპროტესტო დემონსტრაციების იმ ტალღას, რომელიც ერთი ვადით პრემიერ-მინისტრად მუშაობის შემდეგ პუტინის ხელმეორედ გაპრეზიდენტების გამო აგორდა.
ამავე დროს, 66 წლის პუტინი თავადვე აწყდება საკუთარ მემკვიდრესთან დაკავშირებულ დრამას.
გაურკვევლობა ძალაუფლების დელეგირების თაობაზე
რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, ეს მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადაა, თუმცა კონკურენციის ლიკვიდაციისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების უმრავლესობაზე კონტროლის დაწესების პირობებში, არ ჩანს არც ერთი ფიგურა, რომელიც მას შეცვლიდა.
ანალიტიკოსები ნაკლებდამაჯრებელად მიიჩნევენ იმას, რომ იოსებ სტალინის შემდეგ რუსეთის ყველაზე სტაჟიანმა მმართველმა ძალაუფლება მთლიანად გადასცეს ვინმეს 2024 წელს, ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ.
სრულიად განსხვავებული იყო სურათი 2000 წელს, როდესაც პუტინმა გაიმარჯვა ელცინის გადადგომის შემდეგ დანიშნულ პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში.
„მიუხედავად სიღატაკის და დამნაშავეობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, რუსეთი ჯერ კიდევ იყო დემოკრატიული, ლიბერალური ქვეყანა“, - ამბობს ცნობილი რუსი ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე, რომელსაც ხშირად აქვს აღებული პუტინისგან ინტერვიუ კრემლში მისი მოღვაწეობის დასაწყისში.
„ხელისუფლებაში ყოფნის 20 წლის თავზე, მას განუსაზღვრელი ძალუფლება აქვს. ის, ფაქტობრივად, სულთანია“, - ამბობს სვანიძე.
პოლიტიკის მკვლევარ კონსტანტინ კალაჩევის თანახმად, ვლადიმირ პუტინმა თავიდან დაიწყო როგორც ლიბერალმა, რომელიც მზად იყო ეთანამშრომლა დასავლეთთან, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო კონსერვატიული და მტრული პოზიცია დაიკავა.
„2000-იანი წლების შუ ხანამდე რუსეთში იყო პოლიტიკური ცხოვრება და არჩევნები იყო კონკურენტული“, - ამბობს კალაჩევი.
უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ, რომელიც, კრემლის რწმენით, განხორციელდა დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერითა და სურვილით, შემცირებულიყო რუსეთის გავლენა მის პოსტსაბჭოთა სატელიტზე, პუტინის დამოკიდებულება შეიცვალა.
დასავლეთის უპატივცემულო დამოკიდებულებამ რუსეთის მიმართ და ასევე ინტერვენციამ ერაყში, ლიბიასა და სხვა ქვეყნებში, პუტინს იმედი გაუცრუა, - ამბობს კალაჩევი.
„ამ იმედგაცრუებამ, ჩემი აზრით, დასაბამი მისცა მისი, როგორც შეურიგებელი კურსის ლიდერის, ევოლუციას“, - დასძენს ანალიტიკოსი.
მაგრამ ლიბერალ რუსებს თავიანთი ლიდერისა თავიდანვე ეშინოდათ არა მხოლოდ მისი „კაგებეშნიკური“ წარსულის, არამედ პრემიერ-მინისტრობის დროს ჩეჩენ სეპარატისთა წინააღმდეგობის სასტიკი ჩახშობის გამოც.
ჯერაც ისმის კითხვები რუსეთში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებებთან დაკავშირებით, რაც სეპარატისტებს მიეწერებოდათ, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ აფეთქებებს აწყობდნენ უშიშროების ძალები ჩეჩნეთში ინტერვენციისათვის საბაბის შესაქმნელად.
პუტინის მისია ბოლო საპრეზიდენტო ვადის შემდეგ
კრიზისის დროს გამოჩენილმა სიმტკიცემ პუტინს ფართო პოპულარობა მოუტანა და დაეხმარა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლიდან ხმათა 53 %-ით არჩეული ლიდერი გამხდარიყო.
საზოგადოების ნაწილში იგი რჩება პოპულარულად, როგორც სტაბილურობის გარანტი პოლიტიკოსი, რომელმაც აღადგინა რუსეთის ღირსება საბჭოთა კავშირის დამამცირებელი კოლაფსისა და 1990-იან წლების მტკივნეული ცვლილებების შემდეგ.
მისი მმართველობის პერიოდში რუსეთი დასავლეთს ეპაექრება ახლო აღმოსავლეთში, არქტიკაში, კავკასიაში, ევროპაში - ანექსირებული აქვს ყირიმი, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები;
ამჟამად პუტინი და მისი გუნდი ეძებენ გზებს კრემლიდან წასვლის შემდეგ გავლენის შესანარჩუნებლად, - ამბობს ანალიტიკოსი და სატელევიზიო კომენტატორი გრიგორი ბოვტი. იგი მიანიშნებს იმაზე, რომ საამისოდ უფრო ხელსაყრელი იქნება ახალი ინსტიტუტის ფორმირება, ვიდრე პრეზიდენტის კონსტიტუციური ვადის ამოწურვის შემდეგ მოკლე ხნით პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნება, როგორც ეს მოხდა 2008 წელს.
„შეიქმნება რაღაც გარკვეული ორგანო ქვეყნის სამართავად, რომლის მუდმივი თავმჯდომარე იქნება პუტინი“, - ამბობს ექსპერტი.
ანალოგიური სისტემაა ყაზახეთში, სადაც მრავალწლიანი მმართველი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ ხელმძღვანელობას განაგრძობს.
თუ ასე მოხდა, მაშინ პუტინი, როგორც ჩანს, შორს იქნება ქვეყნის ყოველდღიური მართვისაგან.
„იგი გააგრძელებს ქვეყნისათვის თვალყურის დევნებას... მისი ამოცანაა ამოწუროს თავისი ისტორიული მისია“, - ამბობს ბოვტი.
მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის განმავლობაში უპყრია ძალაუფლება, ვლადიმირ პუტინი ძალიან ჩამორჩება სარეკორდო სტაჟის მქონე ლიდერებს - კუბელ ფიდელ კასტროს და ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებელ კიმ ირ სენს. პირველი 49 წლის განმავლობაში იყო ქვეყნის ლიდერი, მეორე - 46-ის.
ამჟამად ვლადიმირ პუტინს ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში მასზე სტაჟიანი სამი კონკურენტი ჰყავს:
- ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც 1991 წელს გახდა ყაზახეთის პრეზიდენტი, გადადგომის შემდეგ ყაზახეთის „ერის ლიდერის“ ტიტულს ატარებს.
- ემომალი რახმონი 27 წელია ერთპიროვნულად მართავს ტაჯიკეთს.
- ბელორუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო, 25-წლიანი პრეზიდენტობის სტაჟით.