Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მტკნარი სიცრუე და ამაზრზენი სპეკულაცია" - გიგა ბოკერია გიორგი ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, 7 აგვისტო არის დღე, როდესაც 11 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთის აგრესიიდან და ეს არის დღე, როცა საქართველოს ყველა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქემ და პოლიტიკურმა ძალამ პატივი უნდა მიაგოს ჯარისკაცების, პოლიციელების და ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც თავი შეწირა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას.

თუმცა ამის ნაცვლად, ბოკერიას სიტყვებით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მორიგი სამარცხვინო და ამაზრზენი ფურცელი ჩაწერა საკუთარ პოლიტიკურ ბიოგრაფიაში:

„მათ ეს დღე გამოიყენეს არა ამ ხსოვნის პატივისცემისთვის, არა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანი გზავნილისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის შიგნით ბინძური ცილისწამების უზნეო კამპანიისთვის, პირდაპირ რუსული პროპაგანდის გამოყენებით მტკნარი სიცრუით და ამაზრზენი სპეკულაციებით“.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს ხელისუფლება უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგაც კი აგრძელებს პუტინის პროპაგანდისთვის ხელშეწყობას.

6 აგვისტოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმ ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომელიც ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა.

ვოლსკი წერს, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა და „წაგებისათვის გასწირა ჩვენი ქვეყანა და მეომრები, სასიკვდილო სამიზნედ გამოფინა გორის მოედანზე ჩვენი შვილები", რომ რუსეთის დაკვეთით დაბომბა წინასწარ მონიშნული, დაცლილი არეალი, თავადვე გადაიღო ეს „ოპერაცია“ და კადრები გაავრცელა მსოფლიო მასშტაბით

„კიდევ რა უნდა გააკეთონ რათა, სულ მცირე, "ანტისაოკუპაციო" მაინც აღარ უწოდონ მათ და "პროდასავლური" მათ პოლიტიკას?!“, - ასე ასრულებდა გიორგი ვოლსკი თავის 9 პუნქტიან პოსტს.

XS
SM
MD
LG