Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ ის შეიძლება დააკავონ


„მანქანა არ აჩერებს მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის დამფუძნებელი.

მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში ცოტა ხნის წინ მივიდა, სადაც მას ბრალი უნდა წარუდგინონ:

„ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში. ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში ამ შემოტევამ მოგვაყენა სერიოზული ზიანი როგორც ბანკის საერთაშორისო აქციონერებს, ასევე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას. ექვსი თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას, ინვესტორების უკან შემოტრიალებას. ასევე, ჩვენს ხელახლა არჩევას ლონდონში აქციონერთა კრებაზე და სწორედ გუშინ, როდესაც ავირჩიეთ ანაკლიის სამშენებლო კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არ არის და დღეს ვიღებთ ამ განცხადებას. ისევ ტელევიზიით, ისევ მსოფლიოს გასაგონად, ისევ იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ მამუკა ხაზარაძეს კი არა, არამედ საქართველოს ფინანსურ ინტერესებს, აქციონერებს და ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება. ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების პროექტი. ეს არის საქართველოს აბსოლუტურად ახალი გზა, ეს არის გარღვევა, როგორც ეკონომიკურად ისე ორიენტაციის თვალსაზრისით. ეს არის ევროპისკენ გადადგმული საკმაოდ სერიოზული და მძლავრი ნაბიჯი და ამის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი. ამიტომ მე აქ მოვალ რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ. არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, რადგან ვარ მართალი, როგორც 12 წლის წინანდელ საქმეში, ისე გუშინწინდელ საქმეში და მინდა ყველას ვუთხრა, დაწყნარდით, ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, რადგან ეს საქართველო არის ჩვენი და ეს ქვეყანაი უნდა გახდეს ძლიერი“.

მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ ის შესაძლოა დააკავონ:

„მე არასდროს არაფერს გამოვრიცხავ, განსაკუთრებით იმ ქაოსში, რაც დღეს საქართველოშია, რომელიც არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე, ხვალინდელ დღეზე და ორიენეტირებულია ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე. მე არაფერს გამოვრიცხავ, მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაჩერებს“.

მამუკა ხაზარაძე აბსურდულს უწოდებს იმ ბრალს, რომელიც პროკურატურამ მას 24 ივლისს წარუდგინა:

„გამოძიებას ამ ტრანზაქციაზე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. რამდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. ის, რაც დღეს გააჟღერეს, არის აბსოლუტური აბსურდი და ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურის და შსს-ს ხელში ვართ ჩვენ“.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

2018 წელს პროკურატურის მიერ დაწყებულ ამ გამოძიებას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმთავითვე ანაკლიის პორტის განვითარებას უკავშირებდნენ.

2019 წლის გაზაფხულზე, 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტი უარყო. ხაზარაძემ წერილი გამოძიებას წარუდგინა. მაშინ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი იმასაც აცხადებდა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება დაპატიმრების შესახებ პერიოდულად გავრცელებული ხმებით

ივლისის დასაწყისში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება.

XS
SM
MD
LG