Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაინც ავაშენებთ!!!“ - მამუკა ხაზარაძე ასე ეხმაურება პროკურატურის ბრალს


„მაინც ავაშენებთ!!!“, - მხოლოდ ორი სიტყვითა და სამი ძახილის ნიშნით ეხმაურება სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დღეს, 17 საათისთვის მივლენ.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ინფორმაციით, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მედიასთან კომენტარს პროკურატურასთან გააკეთებს.

24 ივლისსვე გახდა ცნობილი, რომ ევროპის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Eiffage „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორი იქნება და ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ, შვეიცარულ ABB - თან და ქართულ CRP - თან ერთად შეასრულებს. - ინფორმაციას ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აქვეყნებს.

XS
SM
MD
LG