ვიცოდით, რომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებული იყო, მაგრამ თურმე ის კონკრეტული პირები, ვისაც დანაშაულს ედავებიან და ბრალი წარუდგინეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პროკურატურის მიერ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე. მისი შეფასებით, ახლა მთავარია პროკურატურამ მეტი ინფორმაცია გაასაჯაროვოს, რა მტკიცებულებები შეაგროვა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალის დასადგენად.
„ზოგადად ადრეც იყო საუბარი, რომ შეიძლება ამ საქმეს გარკვეული პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს და არა რეალურად სამართლებრივი. ამიტომ გამოძიებას განსაკუთრებით მყარი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს და არ უნდა რჩებოდეს იმის ეჭვი, რომ საქმე მართლაც რაღაც პოლიტიკური მდგენელისგან შედგებოდეს“,- ამბობს სულხან სალაძე.
მისი შეფასებით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, არ დატოვოს ეჭვი, რომ საქმეში სამართლებრივის გარდა, სხვა ინტერესებიც არსებობს.
სულხან სალაძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ მამუკა ხაზარაძეს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას აპირებდა და ამიტომ დაასწრო მოვლენებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნის შესახებ განაცხადა.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალის წარდგენის მიზნით დღეს, 24 ივლისს დაიბარა. ადვოკატის თანახმად, ისინი პროკურატურაში 17 საათისთვის მივლენ.
საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. სულხან სალაძე ფიქრობს, რომ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პატიმრობას არ მოითხოვს.
”დაპატიმრება რომ ყოფილიყო ამას ისედაც შეასრულებდნენ და შემდგომში დადგენილი წესით დაიწყებდნენ ამ თემაზე საუბარს“,- განაცხადა სულხან სალაძე, რომლის აზრითაც ბანკის მეპატრონეების მიმართ ფულის გათეთრების ბრალდების წაყენება სერიოზული დარტყმა იქნება, როგორც საფინანსო სისტემისთვის, ისე კონკრეტული ბანკისთვის.
პროკურატურა იუწყება, რომ გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის სავარაუდო მონაწილეობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. 2019 წლის 9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შემოდგომაზე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.