Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად ქორიძე: ქვეყანაში შეგვრჩება მხოლოდ ერთსახოვანი მედიაგარემო


მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე მოელის, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით 18 ივლისს სწრაფი ტემპით განვითარებული მოვლენები ასევე სწრაფი ტემპით დააზარალებს მედიაგარემოსა და დემოკრატიულ განვითარებას საქართველოში.

„დღეს ჩვენ ფორსირებულად ვიღებთ პროცესს, როდესაც ინგრევა მედია-პლურალისტული გარემო და ჩვენ შეიძლება ძალიან მალე, ასევე დაჩქარებული ტემპით, ქვეყანაში შეგვრჩეს მხოლოდ ერთსახოვანი მედიაგარემო, სადაც ერთი და იგივე ინფორმაციას მოვისმენთ და ერთი და იგივე შინაარსის, კონტექსტის მქონე თოქშოუებს ვნახავთ.

ეს არის, სამწუხაროდ, გარდაუვალი რეალობა. რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული წინააღმდეგობა ჩვენი იმ კოლეგებისგან, რომლებიც ამ პოზიციას არ იზიარებენ, მაგრამ არსებითი გადაწყვეტილება იქნება მენეჯმენტის მისაღები და მენეჯმენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აწყობს ამ პოლიტიკურ დაკვეთას. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მედიაექსპერტმა, ზვიად ქორიძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ის ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მესაკუთრედ არ გამოუცხადებია ქიბარ ხალვაში - ეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააკეთა.

ამ ეტაპზე ზვიად ქორიძე არ არის დარწმუნებული იმაში, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრულად ემხრობა ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის მესაკუთრის როლში.

„ჩვენ ვაკვირდებით უცნაურ კაზუსებს... მაგალითად, გენერალურმა პროკურატურამ გაუხანგრძლივა ხანდაზმულობის ვადა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მათ დავაში „რუსთავი 2“-ის საკუთრებისთვის...

ორიოდე დღის წინ კი, ასევე გენერალურ პროკურატურას მიმართა აქამდე არსებულმა ერთ-ერთმა მესაკუთრემ, 9%-იანი წილი მქონემ, შესაბამისი პროცედურების დასაწყებად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

ანუ თავად ხელისუფლებაც არ არის ბოლომდე დარწმუნებული და ჩამოყალიბებული ღირს თუ არა, რომ ქიბარ ხალვაში იყოს მესაკუთრე... შეიძლება ახალი პროცესი დაიწყოს პროკურატურამ, ახლა უკვე არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვების სასარგებლოდ...“, - ამბობს ზვიად ქორიძე.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

XS
SM
MD
LG