სულაკაურის გამომცემლობამ თავისი 20 წლის იუბილე, ალბათ გამომცემლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის, „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული რომანის გამოცემით აღნიშნა.
გრაფიკული რომანის ავტორი დათო მაჭავარიანია, რომელიც „ვეფხისტყაოსანს“ სამი წელი ხატავდა და მან ეს წიგნი შვილს, ალექსანდრეს მიუძღვნა. ადაპტირებული ტექსტი მწერალ სალომე ბენიძეს ეკუთვნის. პროექტის ხელმძღვანელია მიხეილ ციხელაშვილი.
მთავარია, ეს წიგნი ერთხელ გადაშალო - მერე მართლა ვეღარ გაჩერდები - შოთა რუსთაველის ლეგენდარული პოემის გრაფიკული ვერსია ზუსტად ისე გითრევს, როგორც ეს საერთოდ გრაფიკულ რომანებს სჩვევია - ოღონდ აქ ჩვენი სუპერგმირების ამბავს ვკითხულობთ. კარგად ნაცნობს, მაგრამ ახლებურად მოთხრობილს.
„შოთამ მითხრა, ნახე ერთი, თუ გააკეთებო. გამოგივიდაო? აბა, მიდი შეხედე, კიდევ ერთიც გააკეთეო. მერე მოეწონა და მკარნახობდა... აქ ასე, აქ ისე... ღამე არ მაძინებდა...ამ რომანმა მართლა მომიტანა დიდი სიხარული. ახლა ვნახოთ, როგორ მიიღებენ. პროცესი დასრულდა, ხვალ აღარ ვიღვიძებ ფანქრით ხელში, რომელმაც ავთანდილი უნდა დახატოს“, - გვითხრა დათო მაჭავარიანმა.
სულაკაურის გამომცემლობისთვის კი ქართველების ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ამ სახით გამოცემა ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცევა.
გამომცემლობის დირექტორს, თინა მამულაშვილს იმედი აქვს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ეს ვერსია ახალი თაობისთვის განსაკუთრებით საყვარელ წიგნად იქცევა.
„თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი სუპერგმირები არიან ავთანდილი, ფრიდონი და ტარიელი - ამბავი კი მათთვის გასაგებ, თანამედროვე, პოპულარული ფორმით არის მოყოლილი“.
ისე, მართლაც, ჩვენი სუპერგმირების ყოლის დროა.