Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დესტაბილიზაციის მცდელობა", "ქვეყნის მტრობა", "პროვოკაცია" - პრემიერი, სპიკერი, თბილისის მერი გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინებაზე


რუსთავი 2-ის საკვირაო გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, კერძოდ ვლადიმირ პუტინის გინებას, გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისი მერი და ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები.

მამუკა ბახტაძე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ, “ის რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ რუსთავი 2-ზე, არის ამაზრზენი პროვოკაცია და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა, რაც სრულიად მიუღებელია”

მოგვიანებით, ქართულენოვან განცხადებაში, მამუკა ბახტაძემ უკვე საქართველოს მოქალაქეების შესაძლო პოზიციასაც გაუსვა ხაზი. ბახტაძე, წერს, რომ დარწმუნებულია, "საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად".

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზრით, ქართულ სატელევიზიო არხზე რუსეთის პრეზიდენტის გინება "არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან".

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წერს, რომ “რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს.”

თბილისი მერი, კახა კალაძეც პროვოკაციას და საკუთარი ქვეყნის მტრობას უწოდებს რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

7 ივლისის გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" ტელეკომპანია „რუსთავი 2“- წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და უხეში გინების სიტყვებით რუსულად მიმართა ვლადიმერ პუტინს. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიუღებელია ჟურნალისტის ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ცდება "რუსთავი ორის" სარედაქციო პოლიტიკას და ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანო იმსჯელებს ამ საკითხზე. მომხდარს ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

XS
SM
MD
LG