Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფაროვის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ


თბილისის საქალაქო სასამართლომ ვიტალი საფაროვის ჯგუფურად, განზრახ მკველობის ჩადენის მუხლით ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

ავთანდილ კანდელაკიშვილსა და გიორგი სოხაძეს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

მოსამართლე შორენა გუნცაძემ ბრალდებულებს მკვლელობის მოტივად მოუხსნა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობა და ბრალდებულები მხოლოდ ჯგუფურ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას საფაროვის ოჯახის ადვოკატები აპროტესტებენ: "მოწმეები ნათლად ასახელებდნენ, რომ ვიტალი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო ებრაელი. ვიტალი საერთოდ არ ერეოდა ჩხუბში და მხოლოდ მას შემდეგ წამოვიდა მის მიმართ აგრესია, რაც გაიგეს, რომ ის იყო ებრაელი და მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში. ვიტალი არ იყო დაპირისპირებული მხარე. მოსამართლის გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელია", - ამბობს ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.

ავთანდილ კანდელაკიშვილსა და გიორგი სოხაძეს ბრალი ედებოდათ ვიტალი საფაროვის განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.

25 წლის ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისის ცენტრში, დიუმას ქუჩაზე მოკლეს.

XS
SM
MD
LG