რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა დროებით შეწყდება.
ამ გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვა დანაშაულებრივი ან სხვა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“.
„2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა საჰაერო გადაყვანა (მათ შორის, კომერციული)“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ტუროპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს გაეწიათ რეკომენდაცია „აკრძალვის მოქმედების პერიოდში... თავი შეიკავონ მოქალაქეებისთვის ისეთი ტურისტული პროდუქტის მიყიდვისგან, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა გადაყვანას (მათ შორის, კომერციულს)“.
რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, ავიამიმოსვლის შეჩერების გათვალისწინებით, დახმარება გაუწიოს საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში დასაბრუნებლად და ამ პროცესთან და რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად უზრუნველყოს მოქმედების კოორდინაცია საქართველოს ხელისუფლებასთან.