Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეები გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ


რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. აქციაზე გამომსვლელების თქმით, ისინი გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 3 საათს აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

აქციაზე გამომსვლელებმა დღევანდელ შეკრებას "ახალგაზრდული რევულუცია" უწოდეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ 20-21 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა, რომელსაც სულ მცირე 240 ადამიანის, მათ შორის 80-მდე პოლიციელის ჰოსპიტალიზაცია მოყვა. ორმა დემონსტრანტმა რეზინის ტყვიის თვალში მოხვედრის გამო თვალი დაკარგა.

პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა 10-ობით ჟურნალისტი.

არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და დემონსტრანტები პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულად გამოყენებაზე საუბრობდნენ.

20 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს სერგეი გავრილოვს.

დღის განმავლობაში ცალკეული აქციების შემდეგ, საღამოს 7 საათიდან საქართველოს პარლამენტთან დაიწყო ხალხმრავალი აქცია, რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომას.

21 ივნისს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG