შინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულდა სახალხო დამცველთან და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან შეხვედრა.
ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.
„შეხვედრაზე იყო საუბარი უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე. ამიტომ მათი მხრიდან ითქვა, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო ძირითადი განხილვის თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებს თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ, უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით, ორგანიზაციებში. თუმცა, შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემებზე და საკითხებზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის მათი მხრიდან იყო მოთხოვნა დაყენებული, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად. თუმცა, ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება. რაც შეეხება პრაიდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრაიდი არ ჩატარდეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ, ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ლგბტ თემს ქვეყანაში თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა არ აქვს. ეს არის ფაქტი და თუ ისინი, თუნდაც ათასი პოლიციის კორდონით გარშემორტყმულნი შეიკრიბებიან, ეს ვითარებას არ ცვლის.
"ფაქტი ფაქტად რჩება. დღემდე პრობლემად რჩება მათი თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლება, თუმცა გარკვეული ლოგიკაც არსებობს იმაში, რომ შეიძლება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე გარკვეული საკითხები იქნეს გათვალისწინებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ამ ადამიანების გადასაწყვეტი, გამართავენ თუ არა ამ ტიპის მარშს და მსვლელობას",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა უკომეტაროდ დატოვეს.