Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს არ შემოუშვან ქვეყანაში დუმის დეპუტატი გავრილოვი


მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, ათენი, 2018 წელი.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, ათენი, 2018 წელი.

„ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის დუმის დეპუტატს სერგეი გავრილოვს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მიეცემა.

19-22 ივნისს თბილისი უმასპინძლებს 26-ე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას, რომლის პრეზიდენტია სერგეი გავრილოვი, რუსეთის დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, გავრილოვს დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ ხელისუფლებამ ის საქართველოში არ უნდა შემოუშვას.

„დღეს ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსეთს რამდენიმე ფრონტის ხაზი აქვს გახსნილი, იმისთვის რომ შეცვალოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ევროატლანტიკური გზიდან. ფრონტის ეს ერთ-ერთი ხაზი გადის სწორედ ფსევდორელიგიური ერთობის თემის წინ წამოწევით და ამის შემადგენელი ნაწილია ის, რაც უახლოეს დღეებში მოხდება საქართველოში, როდესაც შეიკრიბება ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უარს აცხადებს ყველანაირ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე აღნიშნული ასამბლეის ფარგლებში, რადგან ასამბლეის გახსნისას ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს სერგეი გავრილოვი. ის გავრილოვი, რომელიც როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, მოლდოვაში აქტიურად იბრძვის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ის მთავარ ზეგავლენის ბერკეტად განიხილავს რელიგიას, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გასცეს შესაბამისი განკარგულება, რომ არ მიეცეს გავრილოვს შესაძლებლობა შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია, ზვიად ძიძიგური.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას რამდენიმე დღის წინ, ეუთოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების შემდეგ, რომელიც თბილისში გასულ წლებში გაიმართა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთასორისო ასამბლეა თბილისს მისცემს საშუალებას გახდეს მესამე დიდი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე.

XS
SM
MD
LG