ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო ავტორიტეტისთვის ზიანის მომტანად აფასებს საქართველოში დაგეგმილ, რუსეთის დუმის წევრთა ვიზიტს.
პარლამენტის წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, 19 ივნისს თბილისში იხსნება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას აპირებენ რუსეთის დუმის დეპუტატებიც.
„საუბარია სერგეი გავრილოვზე, რომელიც რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთში ომის მიმდინარეობის დროს იმყოფებოდა და საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა. იგი ასევე ხელმძღვანელობს დნესტრისპირეთის ე.წ. პარლამენტთან ურთიერთქმედების ჯგუფს. გავრილოვი კომპარტიის ლიდერ გენადი ზიუგანოვთან ერთად ერაყის როგორც პირველი, ასევე მეორე ომის დროს იმყოფებოდა ბაღდადში და აქტიურად უჭერდა მხარს სადამ ჰუსეინის რეჟიმს. გავრილოვი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთ მედროშედ“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა 17 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
კანდელაკი ვარაუდობს, რომ თბილისში გავრილოვის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგო ლობირებაა. „ევროპული საქართველოს“ წევრის ინფორმაციით, 2015 წლის ინტერვიუში გავრილოვი ღიად საუბრობს, რომ რუსეთმა საქართველოზე გავლენის აღსადგენად ფოკუსირება საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს.
გიორგი კანდელაკის განცხადებითვე, საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპა, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთიდან 2006 წელს გამოძევებული ქართველებისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი კომპენსაციის გადახდას.
„ალექსეი ჩეპა ასევე აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ოკუპირებულ დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას. იგი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის თემებზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერია. ასევე იგეგმება ივან სუხარევის - ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტიის წარმომადგენელის ჩამოსვლა, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხში. სუხარევი არაერთხელაა ნამყოფი ანექსირებულ ყირიმსა და დონბასში. გასული წლის ნოემბერში იგი ესწრებოდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციას და აკრძალული აქვს შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე. ამ პიროვნების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება იქნება უკრაინის მიმართ არამეგობრული ნაბიჯი“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.