თბილისში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.“ მისი ორგანიზატორები არიან „საქართველოს უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა სკოლა და „ახალი ეკონომიკური სკოლა.“
კონფერენცია ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები, სამხედრო და ჰიბრიდული გავლენები, კულტურა, ნორმები და ფასეულობები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს.
კონფერენციაზე მსოფლიოში პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების აღიარებული ექსპერტები განიხილავენ რუსეთის რევიზიონისტულ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი გავლენის დაბრუნებაზე.
კონფერენციის სპიკერებს შორის არიან აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, მაიკლ კარპენტერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ჯეფრი მანკოფი, ევროპული პოლიტიკის ანალიტიკურ ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი და მთავარი მკვლევარი ბრაიან უიტმორი, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი ლუკ კოფი, რუსეთის და უკრაინის ისტორიის გერმანელი ექსპერტი ანდრეას უმლანდი, სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროკავშირის, გაეროს და USAID-ის პროგრამების ხელმძღვანელი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში კრასენ სტანევიჩი და ლიეტუვის პარლამენტის წევრი ზიგიმანტის პავილიონისი.