Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების საშუალება არ ეძლევათ


„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციაზე „ქართული მარშის“ „მართლმადიდებელ მშობლეთა კავშირის“ წარმომადგენლები, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და სასულიერო პირები მივიდნენ. ისინი არ აძლევენ საშუალებას „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქცია ჩაატარონ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავებმა ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლგბტ უფლებადამცველს გიორგი თაბაგარს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თაბაგარი სიტუაციას დროებით გაარიდეს.

აქცია „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან თბილისში პრაიდის ჩატარება.

„თბილისი პრაიდის“ მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლების პირველ პირებს გააკეთონ განცხადებები „თბილისი პრაიდის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე:

„მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენს გვერდით მთავრობის კანცელარიის წინ.

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს. დღეს, 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები, დავრჩებით მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG