ოთარ გელაშვილის ჩვენებას განსაკუთრებული ინტერესით ელოდა ყველა, ვინც 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებს თვალს ადევნებს. ოთარ გელაშვილი ვიტალის ბავშვობის მეგობარია - მკვლელობის დღეს, 2018 წლის 30 სექტემბერს ვიტალი ბოლო წამებამდე სწორედ მასთან ერთად იყო - დიუმას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობამდე, რომელსაც საფაროვის სიცოცხლე შეეწირა. ამ მკვლელობისთვის დღეს ორი პირია ბრალდებული - ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე, რომელთაც საფაროვის ოჯახი და მათი ადვოკატი, ასევე საფაროვის მეგობრები და კოლეგები ნეონაცისტური დაჯგუფების წევრებად მოიაზრებენ. და რასაც კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებულების ადვოკატები.
ვიტალის ბავშვობის მეგობრის მონათხრობი
იმ პირებს შორის, ვინც 30 სექტემბერს, ჯერ ბარ „ვარშავასთან“, შემდეგ კი კაფე „საბვეის“ უკან თავი მოიყარეს, ვიტალი საფაროვი ყველაზე ახლოს სწორედ ოთარ გელაშვილს იცნობდა. ერთ უბანში იზრდებოდნენ. იმ დღესაც ჯერ უბანში შეხვდნენ ერთმანეთს, მერე კი ერთად ბარში წასვლა დაგეგმეს. ჯერ ერთ ბარში დალიეს რამდენიმე კათხა ლუდი, მერე კი, რადგან გვიანი იყო და ბარი იკეტებოდა, თან მათთან ერთად მყოფი გელაშვილის საცოლეც შინ წავიდა, ოთარმა და ვიტალიმ სხვა ბარში - „ვარშავაში“ გადაინაცვლეს.
ამბავიც იქ დაიწყო.
„ვარშავასთან“ გელაშვილის კიდევ ერთ მეგობარს, ირაკლი ბელთაძეს და მის თანხლებ რუს გოგონებს შეხვდნენ, ვიტალი მათთან კონტაქტში ადვილად შევიდა, რადგან რუსულად კარგად საუბრობდა. ბელთაძე ნასვამი იყო - გელაშვილი იხსენებს, როგორ მივიდა ის იქვე მდგარ სამ პირთან, რომლებიც მოგვიანებით სოხაძე, კანდელაკიშვილი და ნიკოლოზ შანავა აღმოჩნდნენ. საუბარი საქართველოს და ქართველობას შეეხებოდა. ბელთაძე უცნობებთან ამ თემაზე სალაპარაკოდ რამდენჯერმე მივიდა. სანამ სოხაძისგან გაღიზიანებული პასუხი არ მიიღო, რას გაგვიხურე საქმე, სხვა იპოვე და იმას ელაპარაკეო.
„რომ დავინახე საუბარი დაიძაბა, ირაკლისთან მივედი, მეც ვუთხარი, რა გაახურე ამ საქართველოზე ლაპარაკით, ამის დედაც-მეთქი, ზოგადად შევიგინე. ამ დროს შანავამ მითხრა, რატომ აგინებ საქართველოსო? კანდელაკიშვილმა, აქ კამერებია და იქით გავიდეთო“.
და გავიდნენ.
ოთარ გელაშვილი ყვება, რომ ვიტალიც მათ გაჰყვა. „საბვეისთან“ ზურაბ მორჩილაძე შეხვდათ - ვიტალი მას მიესალმა და გზა ერთად გააგრძელეს.
„დავიწყეთ საუბარი და შანავამ ისევ მითხრა, რატომ შეაგინე საქართველოსო. არ შემიგინებია-მეთქი. მაშინ, ვინც საქართველოს შეაგინა, იმის დედაცო.
ვიტალიმ თქვა, რას კამათობთ ამ ქართველობაზე, მეო, ებრაელი ვარ, არასამთავრობოში ვმუშაობ, ეთნიკურ უმცირესობებს ვიცავ და ძალიან მიყვარს საქართველოო. შანავას ღიმილით მიუახლოვდა, გამეცანიო. ამ დროს სოხაძე მივიდა და უთხრა, ნახე ბიჭო, დაგცინისო...“
მერე, გელაშვილის ვერსიით, ნიკოლოზ შანავა ურტყამს საფაროვს, მორჩილაძე შანავას მაისურზე ექაჩება, შანავა ძირს ვარდება. ამ დროს გელაშვილი და ბელთაძე აკავებენ სოხაძეს, კანდელაკიშვილი მივარდება საფაროვს და რამდენჯერმე დაარტყამს დანას. ამასობაში სოხაძე თავს ითავისუფლებს და ისიც მიდის საფაროვისკენ და ურტყამს, ყვირილით, მოკალი, მაგის ებრაელი დედაცო.
ოთარ გელაშვილი ყვება, რომ შანავა ჩხუბში აღარ ჩარეულა. მორჩილაძე გაშველებას ცდილობდა. თვითონ და ბელთაძე კი იქვე იდგნენ, მაგრამ დანის დანახვა შეეშინდათ და ჩხუბში ვერ ჩაერივნენ.
„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ისინი ვერცხლის ქუჩის გავლით გაიქცნენ. სისხლიანი ვიტალი კი ძირს დაეცა. ჩვენ მისი მოსულიერება დავიწყეთ, მაგრამ უკვე უკონტაქტო იყო“.
გელაშვილი და მისი განსხვავებული ჩვენებები
პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ ამის შემდეგ ოთარ გელაშვილის გამოძიებისთვის მიცემული სულ პირველი ჩვენება წაიკითხა. ამ ჩვენებაში არ წერია მთელი რიგი დეტალები, რაც გელაშვილმა სასამართლოს 17 ივნისს მოუთხრო. პირველ ვერსიაში, მაგალითად, ის წერს, რომ არ იცის რატომ მოკლეს ვიტალი, არ იცის რატომ დაიწყეს კონფლიქტი, საცოლის სახელი და გვარი შეცდომით უწერია და ა.შ.
პროკურორის კითხვაზე, რატომ მისცა მან სასამართლოს განსხვავებული ჩვენება, გელაშვილმა უპასუხა, რომ მაშინ ძალიან განერვიულებული იყო, რომ მეგობარს ვერ დაეხმარა, ფიქრობდა რა ეთქვა ვიტალის მშობლებისთვის.
პროკურორი მიხელ ჩხეიძე: ვიტალიმ მაგ დღეს ვინმეს შეაგინა? შეურაცხყოფა მიაყენა?
ოთარ გელაშვილი: არა. არავის, ის არავის შეხებია.
პროკურორი: აბა, მაშინ რატომ მოკლეს?
ოთარ გელაშვილი: იმიტომ, რომ მან მათ უთხრა, რომ იყო ებრაელი. ეს მათთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. მეც დიდი ხანი ვმუშაობდი ბარში და ვხვდებოდი, რომ ისინი რაღაც დაჯგუფების წევრები იყვნენ...მანდ თუ რამე უნდა მომხდარიყო და ვინმე უნდა მოეკლათ, ეს ან მე ვიყავი ან ბელთაძე.
პროკურორი: რატომ?
ოთარ გელაშვილი: იმიტომ, რომ მე და ირაკლის გვქონდა მათთან საუბარი. ვიტალი მხოლოდ ვითარების განმუხტვას ცდილობდა.
გიორგი სოხაძის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი: რა დისტანციაში იდექით ვიტალისგან?
ოთარ გელაშვილი: ერთ მეტრში
არჩილ შავაშვილი: ერთ მეტრში იდექით და ვერ მიხვედით საშველად?
ოთარ გელაშვილი: ვერა, შეგვეშინდა. ჩვემ მხოლოდ მაშინ მივედით, როცა ვიტალი ძირს დაეცა.
ბრალდებული ავთანდილ კანდელაკიშვილი შეუძლოდ გახდა და მოსამართლემ სხდომა დროებით შეწყვიტა. თუმცა მის გაყვანას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბრალდებულის დედამ გელაშვილის მისამართით იყვირა, თქვით, სად დამალეთ მეორე დანაო. დაახლოებით 20 წუთში ვითარება შედარებით განიმუხტა. კანდელაკიშვილი დარბაზში დააბრუნეს და გელაშვილის დაკითხვა გაგრძელდა.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ ახსენეთ ქართულ-ებრაული სკოლა, ანუ თქვენ ებრაელი ხართ?
ოთარ გელაშვილი: არა.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენი მამა სომეხია ხომ?
ოთარ გელაშვილი: დიახ.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ რომ ფრაზა ახსენეთ, ვინც უნდა მოეკლათ, ეს მე უნდა ვყოფილიყავიო, თქვენი სიკვდილის მიზეზი ეროვნებით სომხობა ხომ არ იქნებოდა?
ოთარ გელაშვილი: არა.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ არ გცმიათ იმ დღეს მაისური ისრაელის ან სომხეთის დროშით. არც ვიტალის სცმია ასეთი მაისური ხომ?
ოთარ გელაშვილი: დიახ.
ზურაბ ბეგიაშვილი: როგორ ფიქრობთ, იქ ნასვამ ადამიანებს რამდენად შესაძლოა დაეჯერებინათ, რომ გეთქვათ, ბაგრატიონები ვართო, ან რომანოვები ან რომელიმე სამეფო გვარის წარმომადგენლებიო?
პროკურორი მიხეილ ჩხეიძე: პროტესტს ვაცხადებ!
მოსამართლე: კითხვა განრიდებულია.
ზურაბ ბეგიაშვილი: მედიას თუ ეცნობით?
ოთარ გელაშვილი: არა, შორიდან.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენი ახლო მეგობრის შესახებ შორიდანო - როგორ საუბრობთ?
ოთარ გელაშვილი: ჩემი მეგობრების საშუალებით ვიგებ ხოლმე ამბავს.
ზურაბ ბეგიაშვილი: ვიტალის სიკვდილში თავს იდანაშაულებთ?
ოთარ გელაშვილი: დიახ. მე მის დასახმარებალდ ვერაფერი გავაკეთე.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ რომელ ხელში გეჭირათ დანა?
ოთარ გელაშვილი: დანა და ცივი იარაღი საერთოდ არ მქონია.
ზურაბ ბეგიაშვილი: ასეთ დეტალურ ჩვენებას რომ აძლევდით 30 სექტემბერს გამოძიებას, მერე რა ბერკეტებით და რა ტიპის ზემოქმედებით გადახვედით ახალ რაკურსში? მომდევნო ჩვენებებში გაქვთ ხელოვნური პასუხები და ამბობთ, ვიტალი ებრაელობის გამო მოკლესო. აღელვებულ ადამიანს მოსდის თავში ეს ფანტაზიები და მერე ამბობს სიმართლეს?
ოთარ გელაშვილი: ხომ ვთქვი. შემდეგ დაკითხვაზე ეს ყველაფერი გავიაზრე, გავიხსენე, ჩამოვყალიბდი და ეს არის სიმართლე, რასაც დღეს სასამართლოს წინაშე ვამბობ.
ზურაბ ბეგიაშვილი: რასისტული კითხვაა და ალბათ, ჯვარზე გამაკრავენ, მაგრამ თქვენ კომპლექსი გაქვთ საკუთარი მამის გვარის გამო?
პროკურორი: პროტესტს ვაცხადებ. განარიდეთ კითხვა.
მოსამართლე: კითხვა განრიდებულია
გიორგი სოხაძე: ვთქვი თუ არა მე, რომ ნასვამები ვიყავით და კონფლიქტი არ გვინდოდა?
ოთარ გელაშვილი: მე ეს არ გამიგია.
გიორგი სოხაძე: ვთქვი თუ არა მე, რომ ამ ხალხთან საერთო ვერ ვიპოვე-მეთქი და შანავას დავუძახე, შენ დაელაპარაკეო?
ოთარ გელაშვილი: არა, ასეთი რამ არ ყოფილა.
ავთანდილ კანდელაკიშვილს კითხვები არც ამჯერად დაუსვამს.
ადვოკატ ზურაბ ბეგიაშვილს, რომელიც აბსურდულს უწოდებს მკვლელობის მოტივს და ამბობს, რომ არანაირი საფუძველი არა აქვს კანდელაკიშვილისთვის ეთნიკურ ნიადაგზე მკველობის დაბრალებას და ამავე დროს, ძალიან ხშირად ამბობს, რომ ამ აზრის გავრცელებას ხელს მედია უწყობს, ჩვენ ვკითხეთ, რატომ გამორიცხავს, რომ კანდელაკიშვილსა და სოხაძეს შესაძლოა ჰქონდეთ სიმპათიები ნეო-ნაცისტური იდეოლოგიის მიმართ ან იყვნენ ამ დაჯგუფების წევრები,რაზეც ბეგიაშვილმა რადიო თავისუფლებას ასე უპასუხა:
ბრალდების ბოლო მოწმეები
ვიტალი საფაროვის ახლო მეგობრის, ოთარ გელაშვილის გარდა 17 ივნისის სასამართლო სხდომაზე სასამართლო ექსპერტიზის ბიუროდან კიდევ რამდენიმე ექსპერტი დაკითხეს. მათ შორის, ექსპერტ-ქიმიკოსი თეა გოგიბერიძეც, რომელმაც დიუმას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველთა და ბრალდებულთა, ასევე მოკლული ვიტალი საფაროვის ტანსაცმელი იკვლია. როგორც სხდომების უმრავლესობაზე, ყველაზე მეტი კითხვა მასაც კანდელაკიშვილის ადვოკატმა, ზურაბ ბეგიაშვილმა დაუსვა.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ აღნიშნეთ რომ საფაროვის ტანსაცმელზე აღმოჩენილია ზურაბ მორჩილაძის და ირაკლი ბელთაძის ტანსაცმლის ნაწილები. ასეა?
თეა გოგიბერიძე: დიახ.
ზურაბ ბეგიაშვილი: ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სანამ საფაროვი ცოცხალი იყო, მჭიდრო შეხება ჰქონდა იმ ადამიანებთან, ვისაც ეს ტანსაცმელი ეცვა? და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მათ შორის მოხდა დაპირისპირება?
თეა გოგიბერიძე: ეს არ შედის ქიმიკოს-ექსპერტის კომპეტენციაში. თუმცა ბოჭკოების გადასვლა ხდება კონტაქტის გზით ხდება.
ზურაბ ბეგიაშვილი: რაც შეეხება პირბადეს, თქვენ დასკვნაში დაწერეთ, რომ იქ სხვადასხვა სახის ბოჭკოები აღმოჩნდა, მაგრამ პირბადეზე არ აღინიშნება ავთანდილ კანდელაკიშვილის შარვლის ნაწილაკები.
თეა გოგიბერიძე: მე დავწერე, რომ იქ აღმოჩენილი ბოჭკოები განსხვავდებოდა ყველა წარმოდგენილი ტანსაცმლის ნაწილაკებისგან.
ზურაბ ბეგიაშვილი: მაშინ ვისი საკუთრებაა ეს პირბადე?
თეა გოგიბერიძე: მე ამაზე პასუხს ვერ გავცემ.
ზურაბ ბეგიაშვილი: ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გამოძიებამ ვერ წარმოადგინა საფაროვთან მჭიდრო კავშირში მყოფი რამდენიმე ადამიანის ტანისამოსი?
პროკურორი მიხეილ მხეიძე: პროტესტს ვაცხადებ. გთხოვთ განარიდოთ კითხვა.
მოსამართლე შორენა გუნცაძე: კითხვა განრიდებულია
შემდეგ სასამართლოს წინაშე ფსიქოლოგი მანანა ბრეგაძე წარსდგა - სწორედ მან შეაფასა ავთანდილ კანდელაკიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბრეგაძემ კანდელაკიშვილი დაახასიათა ჯანმრთელ ადამიანად, რომელიც არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
„ის საკმაოდ სიტყვაძუნწი იყო,მაგრამ ამავე დროს, კატეგორიულიც. ის არ ცნობდა თავს დამნაშავედ“.
კითხვა-პასუხი ფსიქოლოგსა და ბრალდებულების ადვოკატს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც კითხვაზე, თუ რომელი იყო ავთანდილ კანდელაკიშვილი, ფსიქოლოგმა ხელი ბრალდებული გიორგი სოხაძისკენ გაიშვირა.
ზურაბ ბეგიაშვილი: მე მაქვს ინფორმაცია, რომ კანდელაკიშვილი თქვენთან არ ყოფილა.
მანანა ბრეგაძე: რას ამბობთ, ის ჩემთან კაბინეტში ბადრაგმა მოიყვანა. ჩემთან საუბარში მან თქვა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. და რა აფექტის მდგომარეობაზე უნდა ვილაპარაკო საერთოდ, როდესაც ის ბრალს არ აღიარებს?
ზურაბ ბეგიაშვილი: ქალბატონო მანანა, თქვენ შიზოფრენია და ოლიგოფრენია შეიძლება ერთამანეთში აგერიოთ?
მანანა ბრეგაძე: არა.
ზურაბ ბეგიაშვილი: და შეიძლება აგერიოთ ორი ერთი და იგივე ასაკის ადამიანი ერთმანეთში?
მანანა ბრეგაძე: არა.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ დღეს ცრუ ინფორმაცია წარმოადგინეთ - როდესაც გკითხეთ, სად იჯდა კანდელაკიშვილი, თქვენ სულ სხვა მხარეს გაიხედეთ.
პროკურორი მიხეილ ჩხეიძე: ქალბატონო მანანა, თქვენ ყველა პატიმარი გახსოვთ ვისაც კვლევას უტარებთ?
მანანა ბრეგაძე: ნამდვილად არ მახსოვს.
მანანა ბრეგაძე ავთანდილ კანდელაკიშვილს: თქვენ გახსოვართ მე? ჩემთან არ ყოფილხართ?
ავთანდილ კანდელაკიშვილი: არა.
ამ შინაარსის დიალოგმა სასამართლოზე ვითარება რამდენიმე წუთით დაძაბა. ბეგიაშვილმა მოსამართლეს ჰკითხა, რატომ ახდენდა ის მის დისკრედიტაციას და რატომ იცავდა მუდამ პროკურორს.
მოსამართლე შორენა გუნცაძე: მე არ ვიცავ პროკურორს, მე ვიცავ წესრიგს დარბაზში.
ზურაბ ბეგიაშვილი: პროკურატურისგან ნასროლი არც ერთი ტყვია არ დარჩება უპასუხო.
ფსიქიატრმა აკაკი ტყემალაძემ სასამართლოს ამცნო, რომ ავთანდილ კანდელაკიშვილი არ არის ფსიქიკურად დაავადებული. მან ასევე შენიშნა, რომ კანდელაკიშვილთან საუბარში შეეხნენ დანაშაულის მოტივსაც - გაიხსენა ავთანდილის სიტყვები, ჩემს მეგობარს ნაციონალიზმში ადანაშაულებენ, მაგრამ მე ამ იდეოლოგიას არ ვიზიარებ, მე უფრო ლიბერალური შეხედულებები მაქვსო.
ბოლო მოწმე მეათე სასამართლო სხდომაზე გამომძიებელი მანუჩარ კობახიძე იყო.
ზურაბ ბეგიაშვილი: ასეთი გამოცდილი გამომძიებელი ხართ და როგორ გამოგრჩათ ის, რომ მოტივის შესახებ კითხვა დასვით მხოლოდ მას მერე რაც აგიტ მირზოევი და გიორგი მარჯანიშვილი დაკითხეთ?
მანუჩარ კობახიძე: მე აგიტ მირზოევის დაკითხვამდე არავინ დამიკითხავს.
ზურაბ ბეგიაშვილი: ვისი ინიციატივა იყო მირზოევის და მარჯანიშვილის და ამ მიმდინარეობის ადამიანების შემოყვანა საქმეში? ათობით საქმე გამოგიძიებიათ მირზოევის და მარჯანიშვილს გარეშე
მანუჩარ კობახიძე: მაგის ინიციატორი ვინ იყო ნამდვილად ვერ გეტყვით.
ზურაბ ბეგიაშვილი: 109-ე მუხლის კვალიფიკაციით რამდენი საქმე გაქვთ გამოძიებული
მანუჩარ კობახიძე: შეიძლება არც ერთი.
ზურაბ ბეგიაშვილი: და თქვენ როგორ თვლით, ეს მუხლი, რომელიც ამდენი ხანი არ მუშაობდა ამ ტოლერანტ ქვეყანაში და აამუშავეს, რამდენად სასარგებლოა ქვეყნისთვის? ხომ არ დაგრჩენიათ შთაბეჭდილება, რომ ამ მუხლით მთელ საქართველოს ჩირქი ეცხება და ამაში მთავარი პროკურატურაა?
პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ თითქმის ხუთსაათიანი სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ოთარ გელაშვილმა დაადასტურა სხვა მოწმეების მონათხრობიც და უარყო ადვოკატების ბრალდება, თითქოს მოწმე იტყუებოდა.
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მეათე სასამართლო სხდომის ბოლოს პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ ისევ მოითხოვა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება. სოხაძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ მოსამართლეს 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სოხაძის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, იმ პირობით, რომ მას ჩამოერთმევა პასპორტი და რომ საგამოძიებო ორგანოში რეგულარულად ივლის.
ზურაბ ბეგიაშვილმაც ავთანდილ კანდელაკიშვილის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა და უფრო გრძელი სიტყვაც მოაყოლა.
მისი სიტყვებით, გამოძიება ნახევარფაბრიკატი საქმით ცდილობს განაჩენის დაფიქსირებას.
„არ ეკადრება საქართველოს ასეთი საქმეების წარმართვა. არ არის საჭირო ჩვეულებრივი კონფლიქტი ისე შეფუთო, რომ კანდელაკიშვილი ფაშისტად გამოაცხადო. კანდელაკიშვილს ვერ დააჩოქებენ, ის ქართველი ვაჟკაცია“.
17 ივნისს მოსამართლე შორენა გუნცაძემ ორივე ბრალდებული, ავთანდილ კანდელაკიშვილიც და გიორგი სოხაძეც პატიმრობაში დატოვა და თქვა, რომ ბრალის შემსუბუქების საფუძველს ის ვერ ხედავს.
ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი ედებათ განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. ეს დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109.2.დ.ე. მუხლით ისჯება და თუ ბრალდებულებს დანაშაული დაუმტკიცდებათ, მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საფაროვის საქმე უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ ის ამ მუხლით საქართველოში აღძრული პირველი საქმეა.