საქართველოს კომუნიკაციების კომისიას სურს დაჩქარდეს საკამათო კანონპროექტის განხილვა, რომლის თანახმად, თვითრეგულირებიდან რეგულირებაში უნდა გადავიდეს სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა.
კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ ცვლილება მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოს ეფექტიანობას გაზრდის. კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის განცხადებით, ცვლილებებზეა დამოკიდებული “შემოქმედებითი ევროპის” მილიარდ-ნახევრიან საგრანტო კონკურსში საქართველოს მონაწილეობა, რაც, ბექაურის თქმით, მნიშვნელოვანია აუდიო-ვიზუალური პროდუქციის შექმნისა და წარმოების ბაზრის განვითარებისთვის.
ინიციატივის დაჩქარებულ განხილვას ემხრობა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქტუალური და დროულად არის გადაწყვეტილებები მისაღები ამ მიმართულებით.
რას ითვალისწინებს სიძულვილის ენის რეგულირების კანონპროექტი
- იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა;
- იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის;
- იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციის ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას;
- იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.
დღეს თუკი მოქალაქე მიიჩნევს, რომ რომელიმე პროგრამაში ეს მუხლები დაირღვა, შეუძლია მიმართოს მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოს და თავად მაუწყებელი იმსჯელებს დარღვევის შესახებ.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ცვლილებებით, პირველ ეტაპზე კვლავ მაუწყებლებში იქნება შესაძლებელი განცხადების განხილვა, ხოლო შემდეგ მაუწყებლის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების კომისიაში ან სასამართლოში.
რეგულირება თუ თვითრეგულირება
“სიძულვილის ენა პრობლემაა ჩვენს მედიაში და, ზოგადად, საზოგადოებაში”, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი აზრით, სიძულვილის ენა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს:
“მთავარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული”, - ამბობს კობახიძე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ პროგრამის შინაარსის გამო მაუწყებლის სანქცირება კომუნიკაციების კომისიას აძლევს ბერკეტს, ზეგავლენა მოახდინოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ანდა გამოიყენოს მის წინააღმდეგ. ქარტია მიიჩნევს, რომ კომისიის ხელში მაუწყებლის შინაარსის რეგულირების გადასვლა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და საქართველოსნაირ ქვეყნებში თვითრეგულირებიდან რეგულირებაში საკითხის გადატანა აღიქმება მედიაგარემოს გაუარესებად.
“თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, იმ ალგორითმების ფონზე, რომელიც მართავს სოციალურ ქსელებს, შეუძლებელია გამოხატვის შეზღუდვა, თუ არ გინდა გახდე ისეთი ქვეყანა, როგორიც არის, მაგალითად, თურქეთი”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
"საქართველოს აქვს სამაგალითო კანონმდებლობა სიტყვისა და პრესის თავისუფლების თვალსაზრისით", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია და აგრძელებს:
"ეს არის პირდაპირი საფრთხე მედიის და პოლიტიკური დისკუსიიის თავისუფლებისთვის, რომელსაც ამართლებენ ვითომ კეთილშობილური დროშით სიძულვილის ენის წინააღმდეგ, მაშინ როცა ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები არიან სიძულვილის ენის მებაირახტრეები. სიძულვილის ენას სჭირდება თვითრეგულირება და პოლიტიკური პრინციპები და არა სახელმწიფოს ჩარევა."
ბოკერია მიიჩნევს, რომ ეს არის საგანგაშო ვითარება და მოუწოდებს დემოკრატიულ პოლიტიკურ ჯგუფებს და სამოქალაქო საზოგადებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამას.