Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ კალანდიას მამა აცხადებს, რომ სამართალდამცავებისგან ფიზიკურ ზეწოლას განიცდიდა


თენგიზ კალანდია
თენგიზ კალანდია

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია არ გამორიცხავს, რომ მას და უფროს ვაჟსაც დააკავებენ.

„ხვალ და ზეგ დამიჭერენ მეც და ჩემს უფროს შვილსაც, ასევე ჩვენთან ერთად ორი ბიჭი რომ იყო, მათაც. 9 თვეა, გარეთ ვართ და სპეციალურად არ დაამთავრეს ჩვენი პროცესი, რომ ჩვენს გასაჩუმებლად ბერკეტი ჰქონოდათ, ხმა არ ამოგვეღო. ჩვენ როგორც კი ხმას ამოვიღებთ და იმ პირების სახელებს და გვარებს დავასახელებთ, რომლებიც ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ჩვენს დაკავებას არ გამოვრიცხავ, რომ ხმის ამომღები არავინ დარჩეს“, - განუცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ თენგიზ კალანდიამ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თენგიზ კალანდია და კიდევ 4 პირი ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით. თენგიზ კალანდია 2017 წლის დეკემბერში დააკავეს, 2018 წლის აგვისტოში კი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

თენგიზ კალანდია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ დაკავების შემდეგ, სასურველი ჩვენების მისაცემად სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ემუქრებოდნენ და ჩვენებაც თვითონ დაწერეს. კალანდიას განცხადებით, შეუძლია ამოიცნოს პირები, რომლებმაც სცემეს და მათი გვარებიც იცის.

თენგიზ კალანდია მიიჩნევს, რომ დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც მკვლელად მიხეილ კალანდიას ასახელებს, შეცდომაში შეიყვანეს.

„ქალაქის პროკურორი გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. ახლა გახდა დამნაშავე და ქვეყნის დამაქცეველი? ასე არ გავჩერდები. ჩემ შვილს არავის გავაწირინებ! ბრძოლას ვაპირებ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ამას ასე არ დავტოვებ! ბევრი შეეწირება როგორც მთავრობიდან, ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე პროკურატურიდან! თუ ჩემი შვილი დამნაშავე იყო და ამდენი ხნის მანძილზე ხელს აფარებდნენ, ამდენი ხანი ინახავდნენ, თვითონაც დამნაშავეები არიან, ხომ?! თავიანთი უნიათობით ფაქტები რომ ვერ შეკრიბეს, იოლი გამოსავალი მოძებნეს, რომ ჩემი შვილი გაწირონ და ჩემი ოჯახი ბოლომდე გაანადგურონ! ახლა არჩევნები მოდის და ხალხის მოსყიდვა უნდათ, რომ სამართალი აღდგა. რომელ სამართალზეა საუბარი? უდანაშაულო ადამიანს იჭერენ ციხეში. აბსოლუტურად ყველა, ვინც ჩვენს საქმეში მონაწილეობა მიიღო, ვინც დაიკითხა და ერთი სიტყვა თქვა, ყველა თავიდან უნდა დაიკითხოს და დაადასტუროს თავისი ნათქვამი“ - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

XS
SM
MD
LG