საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი გულგრილობისა თუ სხვა სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს რეკომენდაცია მივეცით, რომ სათანადო გამოძიება ეწარმოებინათ შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზე. ეს რეკომენდაცია კვლავაც ძალაშია. ასევე პასუხისმგებელი ვართ ზედამხედველობაზე და შეგვიძლია, ინფორმაცია დამატებით მოვიკითხოთ, თუ რა ეტაპზეა ამ საკითხის გამოძიება. ამის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს პასუხისმგებლობა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი საკითხები პოლიტიკური ნების მიხედვით არ უნდა წყდებოდეს: „ზუსტად აქ იყო ჩვენი მინიშნება და რეკომენდაცია, რომ ნაცვლად პოლიტიკური დისკუსიისა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა გვეცლია ამ საკითხის განხილვა. ეს ჩვენი მინიშნება იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ სასამართლომ მაღალი სტანდარტის პირობებში მიიღო. მისი განმარტებით, მეორე ინსტანციაში ცვლილებები განაპირობა დამატებითმა მონაცემებმა, რომლებიც სასამართლომ მიიღო საქმესთან დაკავშირებით.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მოწმის სტატუსის მქონე მიხეილ კალანდია დღეს, 4 ივნისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.