პატიმრობაზე დათანხმება არ ნიშნავს, რომ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, - განაცხადა შვიდი თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი გოგოს ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა. მისი თქმით, დაცვის მხარე პატიმრობას ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე დათანხმდა.
„დაცვის მხარეს განსხვავებული პოზიცია არ ჰქონია და ჩვენ დასაცავ პირთან შეთანხმებით, დავეთანხმეთ პატიმრობის გამოყენებას. ჩვენ შევთანხმდით დასაცავ პირთან და ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე ასე არის მისთვის საჭირო“,- განაცხადა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.
ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხრიდან სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნაზე-პატიმრობაზე დათანხმება არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, დუმილის უფლება კი ნიშნავს იმას, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
ადვოკატი ამბობს, რომ დუმილის უფლების გამოყენება მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილი იყო, თუმცა იგი ვერ პასუხობს შეკითხვას, ხომ არ უკავშირდებოდა ბრალდებულის ეს სურვილი იმას, რომ იგი რაიმე სახის საფრთხეს გრძნობს. ქეთევან გაგოევმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მას ბრალდებულთან არ უსაუბრია.
გორის საქალაქო სასამართლომ 16 წლის ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ივნისს გაიმართება.