23 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე რიგით მე-7 სხდომაზე დაკითხეს ამ მკვლელობის კიდევ ერთი საკვანძო მოწმე - მომხდარის თვითმხილველი, ოფიცერი ზურაბ მორჩილაძე, რომელიც თავდაცვის უწყებაში მსახურობს. და რომელიც იცნობდა როგორც ბრალდებულ გიორგი სოხაძეს, ისე ვიტალი საფაროვს - ორივეს თბილისის ბარებიდან.
საფაროვის საქმეზე სასამართლო პროცესები უკვე თვეზე მეტია გრძელდება. სასამართლომ იმ ღამით, 2018 წლის 30 სექტემბერს, დიუმას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები უკვე მოისმინა ამ ტრაგიკული ამბის ორი მოწმისგან - ნიკოლოზ შანავასა და ირაკლი ბელთაძისგან. დარჩენილია კიდევ ერთი ადამიანი, ოთარ გელაშვილი, ვიტალის მეგობარი, რომელიც სასამართლოს წინაშე, სავარაუდოდ, მომდევნო სხდომებზე წარდგება.
ამჯერად კი ამბავი ოფიცერმა ზურაბ მორჩილაძემ გაიხსენა. და გაიხსენა უფრო ვრცლად და მეტი დეტალით, ვიდრე ეს მის თავდაპირველ ჩვენებაშია აღწერილი.
ოფიცერ ზურაბ მორჩილაძის მონათხრობი
24 წლის ზურაბ მორჩილაძეს და ბრალდებულ გიორგი სოხაძეს ორწლიანი ნაცნობ-მეგობრობა აკავშირებთ. ერთმანეთს, როგორც წესი, სხვადასხვა ბარში ხვდებოდნენ ხოლმე. სვამდნენ, ერთობოდნენ, ლაპარაკობდნენ. მორჩილაძე სოხაძეს იცნობდა მისი ფსევდონიმით, „სლეიერას“ სახელით და როგორც ამბობს, ისიც იცოდა, რომ ის ე.წ. ნაცისტური იდეოლოგიის მიმდევარი იყო. არგუმენტად მორჩილაძეს სოხაძის მიერ უცხოელებისთვის არაერთგზის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები მოჰყავს.
„ერთხელ „სლეიერა“ ერთ ბარში ერთ თურქს მივარდა და ყვირილი დაუწყო, შენნაირების ადგილი აქ არ არისო“, - მორჩილაძემ სხვა მსგავსი მოტივით გამოწვეული ჩხუბიც გაიხსენა. ახსენა გელა შენგელაიაც - საფაროვის მკვლელობის საქმის კიდევ ერთი მოწმე ბარმენი, რომელიც ადრე თავადაც ნაცისტების და ფაშისტების იდეების მიმდევარი იყო და როგორც შემდგომ სასამართლოზეც განაცხადა, „შეხედულებები შეიცვალა“.
ზურაბ მორჩილაძე ასევე თბილისური ბარებიდან, ოღონდ უფრო შორიდან, იცნობდა ვიტალი საფაროვს - როგორც თავად აღნიშნავს, მხოლოდ ვიზუალურად და სალმით. მისი სახელი მხოლოდ კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიგო.
მეორე ბრალდებული, ავთანდილ კანდელაკიშვილი კი მორჩილაძემ მკვლელობის საღამოს გაიცნო.
30 სექტემბერს, საღამოს ცხრა საათზე, ზურაბ მორჩილაძემ ჯერ საცოლე მოინახულა, სამი ჭიქა ვისკი დალია, რის შემდეგაც ბარში წავიდა. იქ მეგობარი შეხვდა, დალიეს. მერე სხვა ბარში გადაინაცვლეს, სადაც შეხვდა კიდეც გიორგი სოხაძეს, რომელსაც თან ახლდნენ ავთანდილ კანდელაკიშვილი და ნიკოლოზ შანავა.
ღამის ოთხი საათისკენ ბარ „ვარშავისკენ“ გადაინაცვლეს. სოხაძე და მეგობრები იქვე დარჩნენ, მორჩილაძემ ბარ „შორტ ტაიმში“ კიდევ ორი კათხა ლუდი დალია და სწორედ ამ დროს დაუძახა კაფე „საბვეის“ მხრიდან გიორგი სოხაძემ, რაღაც ხდება და მოდიო. ვიტალი საფაროვიც იქ დახვდა.
ზურაბ მორჩილაძის აღწერით, საქმის გარჩევის დროს დიუმას ქუჩაზე ასეთი სურათი შეიქმნა:
ერთ ადგილას იდგნენ შანავა და გელაშვილი და აგრესიულად კამათობდნენ. მათთან მივიდა ჯერ მორჩილაძე - „სიტუაციის გასანეიტრალებლად“: შანავა გელაშვილს ეუბნებოდა, შენ საქართველოს რატომ შეაგინეო, გელაშვილი კი იფიცებოდა, რომ მან უბრალოდ, ზოგადად შეიგინა.
ამ დროს მივიდა მათთან ვიტალი საფაროვი და შანავას ღიმილით ჰკითხა, რატომ ნერვიულობ ასე, მოდი, ერთმანეთი გავიცნოთო. შანავამ, როგორც მორჩილაძე იხსენებს, უპასუხა, რატომ უნდა გაგიცნოო და მუშტი დაარტყა. ვიტალი წაბორძიკდა. შანავამ წიხლი მოუქნია, მაგრამ უკნიდან მორჩილაძემ მაისურზე მოქაჩა და ის დაეცა.
თუ მორჩილაძის მონათხრობს ვენდობით, ამ დროს, ოდნავ მოშორებით დგანან გიორგი სოხაძე, ირაკლი ბელთაძე და უკვე ოთარ გელაშვილი.
ავთანდილ კანდელაკიშვილი ცალკე დგას. და უცებ, წამებში, როგორც მორჩილაძე ამბობს, კანდელაკიშვილმა ჯიბიდან „რაღაც ბასრი იარაღი“ ამოიღო, ვიტალისთან მივარდა გინებით, შენი ებრაელი დედაო და გულმკერდის და მუცლის არეში რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი.
„საფაროვი გაქცევას ცდილობდა, მაგრამ იმავე მომენტში მას ზურგიდან მივარდა სოხაძე, დაიჭირა და ზურგიდან თავში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში დაუწყო მუშტის რტყმა. ისიც ყვიროდა, მოკალი, ამის ებრაელი დედაო... ეს ისე სწრაფად მოხდა, რეაგირება ვერ მოვასწარი. სოხაძე, შანავა და კანდელაკიშვილი გაიქცნენ. ჩვენ კი ვიტალის მივვარდით. ხელში მისი თავი მეჭირა. სისხლი მოსდიოდა. კონტაქტზე აღარ გამოდიოდა“...
მერე, როგორც სხვა მოწმეებიც ჰყვებიან, მოვიდა სასწრაფო დახმარება, პოლიცია და ყველანი დაკითხვაზე წაიყვანეს.
კითხვა-პასუხი
პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ 23 მაისის სასამართლო სხდომაზე 2018 წლის 30 სექტემბრის მორჩილაძის დაკითხვის ოქმიდან ამონარიდები წაიკითხა. ერთი წლის წინანდელ ჩვენებაში ზურაბ მორჩილაძე:
- არც სიტყვა ებრაელს ახსენებს,
- არც სოხაძის ქმედებებს აღწერს დეტალურად,
- წერს, რომ ვიტალი იგინებოდა საქართველოს მისამართით,
- თავად კი მის დამშვიდებას ცდილობდა და უხსნიდა, რომ საქართველო იყო მათი სამშობლო.
პროკურორის კითხვაზე, რატომ მოუყვა მორჩილაძემ სხვა ვერსია სასამართლოს, მოწმემ უპასუხა, რომ „იმ დღეს იყო დაღლილი, აღელვებული, და რომ შესაძლოა, მაშინ ზუსტად ვერ გადმოსცა სინამდვილე“. მორჩილაძემ ასევე თქვა, რომ მას აღარც წაუკითხავს დეტალურად საკუთარი ჩვენება, მხოლოდ თვალი გადაავლო და ხელი ისე მოაწერა.
სოხაძის ადვოკატი მალხაზ სალაყაია: თქვენ დღეს ნეონაცისტური გაერთიანებები ახსენეთ, რა მიმდინარეობაა ეს, რა იცით მათზე?
ზურაბ მორჩილაძე: ნაცისტური იდეოლოგია გულისხმობს, რომ შენი ერი არის სხვა ერებზე ზემდგომი და შენს ქვეყანას უნდა ემსახურონ სხვა ერები.
მალხაზ სალაყაია: და რამე სპეცკურსი ხომ არ გაგივლიათ შოვინისტურ-ნაცისტურ-ფაშისტურ ურთიერთობებზე? ან რამე წაგიკითხავთ?
ზურაბ მორჩილაძე: წამიკითხავს ცხადია. მეორე მსოფლიო ომზე, ჰიტლერის მოქმედებებზე, მუსოლინიზე. ვიცი რა ხდებოდა და რა სურდათ.
მალხაზ სალაყაია: მხოლოდ დღეს რატომ ახსენეთ სიტყვა ებრაელი?
ზურაბ მორჩილაძე: იმიტომ რომ პროკურორმა გუშინ მითხრა, რომ სასამართლოსთვის ყველაფერი დეტალურად უნდა მომეყოლა.
ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი: საქართველოს შეაგინაო საფაროვმა იმ დღეს და რა გააკეთეთ თქვენ, ოფიცერმა მაგ დროს? რა მოიმოქმედეთ საქართველოს დასაცავად?
ზურაბ მორჩილაძე: ვიტალი საფაროვი საქართველოს კი არ აგინებდა, ამის დედაო, თქვა, რატომ უნდა ვჩხუბობდეთ ამის გამოო.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ, ერთი პერიოდი ძალიანაც გიყვარდათ ნაცისტური იდეოლოგია და შესაბამისი ფოტოები ფეისბუკზეც გქონდათ ატვირთული. რატომ წაშალეთ თქვენი გვერდიდან ეს მასალა?
ზურაბ მორჩილაძე: მე არასოდეს არ გამომიქვეყნებია მსგავსი რამ ჩემს გვერდზე. სასაცილოა, რასაც ამბობთ, ერთი ფაქტი მაინც დამისახელეთ ასეთი.
ზურაბ ბეგიაშვილი: რატომ არ გამოჩნდით კამერების წინ რუსთავი 2-თან ინტერვიუში, როდესაც აუდიოინტერვიუ მიეცით, იმიტომ ხომ არა, რომ ნაცემი იყავით?
ზურაბ მორჩილაძე: არა, მე სამხედრო ვარ და არ შემეძლო ინტერვიუს მიცემა.
ზურაბ ბეგიაშვილი: ტელევიზია ირწმუნებოდა, რომ თქვენ 14 საათის განმავლობაში გაწამებდნენ პოლიციაში. და რომ ტვინის შერყევაც გქონდათ. რატომ არავინ დაინტერესდა მომხდარით თავდაცვის სამინისტრო? გქონდათ დაზიანებები?
ზურაბ მორჩილაძე: მე მართლა ვიწექი ჰოსპიტალში, მსუბუქი ტვინის შერყევა მქონდა.
ზურაბ ბეგიაშვილი: ტვინის შერყევა დიუმას ქუჩაზე კონფლიქტის დროს მიიღეთ?
ზურაბ მორჩილაძე: არა, თავი მივარტყი. ბაზაზე.
ზურაბ ბეგიაშვილი: 5 ტიპის ალკოჰოლი, სისხლიანი ემოციები, ტვინის შერყევა, ამ ყველაფრის ფონზე დაგკითხათ გამომძიებელმა. ჩვენებას დღეს უარყოფთ, თქვენ იტყუებით?
ზურაბ მორჩილაძე: არ ვიტყუები.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ სამხედრო ხართ და პირველადი დახმარების ჩატარებას გასწავლიან. ჩაუტარეთ ვიტალი საფაროვს იმ ღამით პირველადი დახმარება?
ზურაბ მორჩილაძე: მე იმასაც მასწავლიან, რომ ნასვამმა დახმარება არ უნდა ჩავუტარო. და ვიცი, რომ არ შეიძლება ასეთ დროს პირველადი დახმარების გაწევა.
ზურაბ ბეგიაშვილი: ვინ ჩაუტარა დაჭრილ ადამიანს პირველადი დახმარება? ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი?
ზურაბ მორჩილაძე: მსგავსი რამე არ ყოფილა. მე ვიტალის თავი მეჭირა.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ გამორიცხავთ რომ შანავას ხელში ბასრი საგანი ეკავა?
ზურაბ მორჩილაძე: დიახ, მე გამოვრიცხავ ამას.
ბრალდებული გიორგი სოხაძე: რომ ამბობ, სოხაძე აგრესიული იყოო, გახსოვს, ერთხელ ნიგერიელს რომ შეასხეს წყალი, მე არ გადავეფარე და მარტო ჩვენ არ ვაშველებდით?
ზურაბ მორჩილაძე: შეიძლება. არ მახსოვს.
გიორგი სოხაძე: შენდამი თუ გამომიხატავს მეგობრობის გარდა სხვა რამე?
ზურაბ მორჩილაძე: არა. ჩვენ კონფლიქტი არ გვქონია.
ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილს კითხვები არ დაუსვამს.
23 მაისს სასამართლომ ასევე გამოკითხა პოლიციელები საგამოძიებო სამსახურებიდან (თამარ ზედგენიძე, კახაბერ რაზმაძე და ზვიად ნოზაძე) რომლებიც უშუალოდ იყვნენ საქმეში ჩართულები - მათ შორის, ვიტალი საფაროვის გვამის დათვალიერების, ასევე ბრალდებულების და მოწმეების დაკითხვის პროცესში.
სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მორჩილაძე, საქმის ერთ-ერთი საკვანძო მოწმე, ისევე როგორც შანავა, ტყუის. და რომ ის კარგად არის „ფსიქოლოგიურად დამუშავებული“.
პროკურორი მიხეილ ჩხეიძე კი აცხადებს, რომ სასამართლოს წინაშე კიდევ არაერთი უტყუარი მტკიცებულება იქნება წარდგენილი, რაც ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულების დანაშაულს დაადასტურებს.
ვიტალი საფაროვის მკვლელობის გამო სისხლის სამართლის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით აღიძრა, შემდეგ კი ბრალი გადაკვალიფიცირდა და ახლა გამოძიება საქმეს აწარმოებს 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ, დამამძიმებელი გარემოებებით - ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო (სსსკ 109.2.დ.ე.).
შემდეგი სხდომა მოსამართლე შორენა გუნცაძემ 28 მაისს დანიშნა.