სალომე ასათიანის პოდკასტი
ქერა თმა, ლურჯი ტუჩები, ქვიშის მარცვლები გათეთრებულ და ლამაზ სახეზე. დევიდ ლინჩის საკულტო ტელესერიალის, „ტვინ პიკსის“ პერსონაჟის, ლორა პალმერის გვამის ეს კადრი დღეს უკვე თავისთავადაა ცნობილი - ამ სურათს ცნობენ ისინიც, ვისაც „ტვინ პიკსი“
არასოდეს უნახავს. ცნობილია ლორას გვამის შესახებ ნათქვამი პირველი ფრაზაც - „ის მკვდარია, ცელოფანშია შეხვეული“. და, მით უმეტეს, მთავარი კითხვაც - „ვინ მოკლა ლორა პალმერი?“. ეს შეკითხვა დიდი ხანია გასცდა ტვინ პიკსსაც, 1990-იანებსაც და ტელევიზიის სივრცესაც. მას თავისი სიცოცხლე აქვს და ამოუხსნელ, ამოუცნობ, ბოლომდე იდუმალებით მოცულ ამბავს ნიშნავს.
სერიალ „ტვინ პიკსის“ ამ, გამხსნელმა სცენამ ალბათ უპრეცედენტო გავლენა მოახდინა ზოგადად პოპულარულ კულტურაზე. საგამოძიებო და მისტიკური ჟანრების ფილმებში, ტელესერიალებში, თუ წიგნებში ისევ და ისევ „პოულობენ“ მოკლული ქალების გვამებს - და შემდეგ ეს გვამი მთელ იდუმალ ამბავს და კომპლექსურ სცენარს აძლევს ხოლმე ბიძგს. „’ტვინ პიკსი’ ერთდროულად ‘მკვდარი გოგოს’ იერსახის ყველაზე ცნობილი მაგალითიცაა და თან ყველაზე კომპლექსური, მრავალშრიანი ტექსტიც, თავისი უნიკალური სტილით, მითოლოგიითა და იერსახეებით“ - გვეუბნება ჩვენი პოდკასტის დღევანდელი სტუმარი, ამერიკელი მწერალი ელის ბოლინი. „მან უამრავ ტელესერიალზე, წიგნზე თუ ფილმზე იქონია გავლენა და ‘მკვდარი გოგოც’ ნამდვილად იქცა დამკვიდრებულ სახედ“.
ბუნებრივია, ამ სახემ ლინჩისეული კომპლექსურობაც დაკარგა. თუკი „ტვინ პიკსში“ ძალადობრივი სიკვდილით დაღუპული ლორა პალმერის პერსპექტივას, ხმას და ისტორიასაც ვხედავთ, სხვა ტექსტებში „მკვდარი გოგო“ გამქრალია ხოლმე. მის შესახებ ვერაფერს ვიგებთ, ის რჩება უხმო, უსიცოცხლო სხეულად, რომელიც მოძალადე კაცების პერვერსიულ ვნებებს, თუ გამომძიებელი კაცების კეთილშობილურ მისიებს აძლევს განხორციელების საშუალებას. ჩვენც, როგორც მაყურებელს, და პერსონაჟ გამომძიებლებსაც მხოლოდ მკვლელის პოვნა და მკვლელობის მოტივის გაგება გვაინტერესებს.
ელის ბოლინი ავტორია შარშან გამოსული წიგნისა „მკვდარი გოგოები: ესეები გადარჩენაზე ერთი ამერიკული შეპყრობილობისგან“, რომელიც 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნებს შორის დაასახელეს ნიუ-იორკ ტაიმსმა, ბოსტონ გლოუბმა, ესქვაიერმა, ბუკ რაიოტმა და კიდევ ბევრმა გამოცემამ.
თავისი პოლემიკური წიგნის მთავარ არგუმენტში ბოლინი მკაფიოა - ქალის, და განსაკუთრებით თეთრკანიანი, ახალგაზრდა, ლამაზი ქალის მკვლელობის ამბავი პოპულარულ კულტურას გამორჩეული, პერვერსიული, ნეკროფილური ვნებით „უყვარს“ და ჩვენც, როგორც ამ ამბების მაყურებლები და მკითხველები, ხშირად ამ ვნების თანაზიარები ვხდებით ხოლმე. „ახალგაზრდა ქალის სიკვდილი, უდავოდ, ამ სამყაროში ყველაზე პოეტური თემააო“, ამბობდა ედგარ პო. ბოლინის აზრით, ამგვარი რომანტიზაციის საბურველს პოპულარული კულტურა ძალადობრივად დაღუპულ ქალებსაც შემოახვევს ხოლმე - „მკვდარი გოგოს“ გვამის აღმოჩენით ბიძგი ეძლევა იდუმალი და პერვერსიული ეროტიკული ვნებით დამუხტული ამბის განვითარებას.
ასათიანის კუთხე
ქალზე ძალადობის ამგვარი ესთეტიზირებული, თუ პერვერსიულად რომანტიზებული ასახვის ტენდენცია კი უმძიმეს რეალობას აბუნდოვანებს. იმ რეალობას, რომელშიც, მსოფლიოს მასშტაბით სამიდან ერთი ქალი ხდება გენდერული ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. და იმ რეალობასაც, რომ დანაშაულს კონკრეტული მოძალადე სჩადის, და არა რაღაც აბსტრაქტული, იდუმალი და დემონური ძალები, როგორც ეს მისტიკური და საგამოძიებო ჟანრების ფილმებში, სერიალებში და წიგნებში ხდება ხოლმე.
იმ ტექსტებს შორის, „მკვდარი გოგოს“ სახე რომელთა ამბავსაც განსაზღვრავს, არის, მაგალითად, საქართველოშიც პოპულარული სერიალები „ნამდვილი დეტექტივი“ და შვედურ-დანიური წარმოების „ხიდი“, HBO-ს სერიალი „ერთხელ ღამით“, ამერიკული სერიალები - „კანონი და წესრიგი: განსაკუთრებულ მსხვერპლთა განყოფილება“, "ვერონიკა მარსი" და "მშვენიერი პატარა მატყუარები", ასევე სტიგ ლარსონის ცნობილი რომანი "გოგონა დრაკონის ტატუთი" და შვედური იდუმალი რომანი, ნუარის ჟანრის სხვა ნიმუშები. და კიდევ ბევრი სხვა. „აი ახლა, ამ მომენტში მაღაზიაში რომ შევიდე, ვიყიდი 20 ახალ წიგნს, რომლებშიც მოთხრობილი იქნება როგორ იძიებს ვიღაც დეტექტივი ახალგაზრდა ქალის სიკვდილის ამბავს. ამ ჟანრით დღეს მგონი ყველა შეპყრობილია“.
მაგრამ ელის ბოლინი მხოლოდ ერთ მხარეს წარმოადგენს პოპულარულ კულტურაში ქალებზე ძალადობის, და „მკვდარი გოგოს“ იერსახეების შესახებ მიმდინარე დისკუსიაში. ის, ბევრი თანამოაზრის მსგავსად, ფიქრობს, რომ ამ შინაარსის თუ დრამატურგიის ტექსტების კითხვას და ყურებას ქალებისთვის ზიანი მოაქვს, რადგან კულტურაში დამკვიდრებული ამ სახეებით ქალის მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის ერთგვარი ნორმალიზება და რომანტიზაციაც კი ხდება. წიგნი როგორც კი დავწერე, გადავწყვიტე შემეწყვიტა დეტექტიური ჟანრის, მკვლელობაზე წიგნების და მოკლულ ქალებზე სერიალების კითხვა და ყურება, და ეს ძალიან დამეხმარა შიშების და პარანოიის დაძლევაშიო, გვიმხელს ის.
დისკუსიის მეორე მხარეს კი არიან ავტორები, რომლებიც თვლიან, რომ „მკვდარი გოგოების“ შესახებ ამბები, და მათი ანალიზი, შესაძლოა მნიშვნელოვანი და საჭიროც კი იყოს - რადგან ისინი ეფექტურად წარმოაჩენენ ქალთმოძულეობის, ძალადობის და სექსიზმის მასშტაბს. ამგვარი ამბების კითხვა და ყურება ქალებს საშუალებას აძლევს უფრო მეტი გაიგონ თავიანთი ცხოვრების შავბნელ მხარეებზე - ოჯახში ძალადობაზე, სექსუალურ შევიწროვებაზე, პარტნიორის მხრიდან ძალადობაზე, იმაზე, თუ რამდენი სხვადასხვა ფორმით აჩუმებს და რიყავს ქალებს მართლმსაჯულების სისტემა. სხვა თუ არაფერი, ქალის მსხვერპლობის და ქალთა მკვლელობის შესახებ ტექსტებს ერთიანად თუ შევრაცხავთ ქალთმოძულეობის მაგალითებად, ამას უამრავი ღირებული და კომპლექსური, არასწორხაზოვანი მნიშვნელობების მქონე ტექსტიც შეიძლება გადაყვესო, ამბობენ ისინი. მაგალითად, ისეთი რეჟისორის ფილმებიც, როგორიც ალფრედ ჰიჩკოკია - სტილის, მონტაჟის, განწყობის, სასპენსის, მოკლედ ზოგადად კინოს უდიდესი და შეუდარებელი ოსტატი, რომლის სურათებშიც ყველაზე ხშირად სწორედ ქალები „ისჯებიან“.