საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები „წიგნის ეროვნული ცენტრი“ და „მწერალთა სახლი“ ერთიანდება და მათ ბაზაზე შეიქმნება „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“.
„წიგნის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი დეა მეტრეველი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ ოფიციალური შეტყობინება „წიგნის ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაერთიანების შესახებ:
„ამ დრომდე არ ვფლობთ ოფიციალურ ინფორმაციას მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტი, გვექნება შესაძლებლობა, რომ მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია“.
„მწერალთა სახლის“ დირექტორი ნატაშა ლომოური კი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ სამინისტრომ „მწერალთა სახლიცა“ და „წიგნის ეროვნული ცენტრიც“ ამ გადაწყვეტილებით ფაქტის წინაშე დააყენა:
„რამდენიმე თვის წინ გვითხრა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, რომ იგეგმებოდა ე.წ. ოპტიმიზაცია. დაგვპირდნენ, რომ ჩვენ ჩართულნი ვიქნებოდით პროცესში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს გარეშე იქნა მიღებული და ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ ახლაღა შევიტყვეთ“.
როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ჯერჯერობით უცნობია დეტალები იმის შესახებ, თუ როდის და რა ფორმით გაერთიანდება სსიპები, ვინ იქნება ახალი უწყების ხელმძღვანელი. სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
სამინისტროს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან მწერლები და პოეტები. მათი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას მწერლებზე შურისძიებას უწოდებს. მათ შორისაა, პოეტი რატი ამაღლობელიც:
"მწერალთა სახლისა" და "წიგნის ეროვნული ცენტრის" გაერთიანების გადაწყვეტილება კითხვებს უჩენს მწერალ თეონა დოლენჯაშვილსაც
"სადამსჯელო ოპერაცია" - ასე მოიხსენიებს სამინისტროს გადაწყვეტილებას მწერალი ლაშა ბუღაძე.
სამინისტროს ინფორმაციით, გაერთიანებული სსიპების შედეგად შექმნილი ფონდის საქმიანობის საგანი იქნება ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობებისა და მექანიზმების შექმნა; ქართველი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამების დანერგვა; საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებითი წერის სწავლების მხარდაჭერა და ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარების წახალისება; ქართული ლიტერატურის სხვა ენებზე და უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნის ხელშეწყობა, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე მთარგმნელთა გადამზადება და პროფესიული ქსელების განვითარება; საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, წიგნის ხარისხის კონტროლის, გამომცემლობების და დისტრიბუტორების წახალისების მექანიზმების შემუშავება; გამომცემლობების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების ხელშეწყობა; ელექტრონული წიგნის განვითარების მიზნით, შესაბამისი გადამზადების პროგრამების შემუშავება ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით.