Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე - დარწმუნებული ვარ საკითხი პოზიტიურად გადაწყდება


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

მინდა ყველას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა, დელიკატურობა და განსაკუთრებული გულისყურით და სიფრთხილით მოეკიდონ ამ თემას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ერთობლივი კომისია კვლავ განაახლებს საქმიანობას იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიყავი და ვარ მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობთ ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე.

საქართველო და აზერბაიჯანი გახლავთ სტრატეგიული პარტნიორები. ბუნებრივია, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული გულისყურით და სიფრთხილით ვუდგებით ამ თემას.

ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოეს პერიოდში განახლდება ერთობლივი კომისიის სხდომა. კომისიის შემადგენლობაში საჭირო იყო შესაბამისი განახლება და უახლოეს პერიოდში კომისია კვლავ განაახლებს საქმიანობას“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისი განმარტებით, გადაადგილება გარეჯის ტერიტორიაზე გაგრძელდება დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად.

"მე დარწმუნებული ვარ, საკითხი პოზიტიურად გადაწყდება. ბუნებრივია, ჩვენ ვთანხმდებით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ ჩვენი ურთიერთობიდან, სტრატეგიული პარტნიორობიდან და მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ყველა ამ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG