საქართველოში ბევრი პრობლემაა ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. ამგვარი ვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის ასახელებს ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში.
„როდესაც ქვეყანაში ასეთი სისტემაა, ძალიან რთულია ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა. ქვეყანაში არ არსებობს არც პოლიტიკური ნება და არც კონკრეტული სისტემა, რომელიც გაუმკლავდება ელიტური კორუფციის ფაქტებს“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა 12 აპრილს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე საუბრისას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები პირადი გამორჩენისთვის იყენებენ თავიანთ მდგომარეობას; გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ რეაგირებს სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე; ხოლო 42% თვლის, რომ მთავრობა ხელს აფარებს იმ პირებს, რომლებიც სავარაუდოდ კორუფციაში არიან ჩართული.
კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით სულ გამოიკითხა 2 087 ადამიანი.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა.