სალომე ასათიანის პოდკასტი
„შენ გამოგაღვიძებენ ალიონზე და გალევინებენ უგემურ სითხეს, მყრალსა და მათრობელს“. ასე იწყება ტექსტი, რომელიც ალბათ უყოყმანოდ შეიძლება აღვიქვათ ქართული პოეზიის ერთ-ერთ მწვერვალად - შოთა ჩანტლაძის მიერ 1958 წლის დეკემბერში დაწერილი პოემა, სათაურით „ტრამვაის“.
ლიტერატურის თეორეტიკოსებს ეს პოემაც ჯერ კიდევ შესასწავლი აქვთ და ჩანტლაძის მთელი შემოქმედებაც - ალბათ მოვა დრო, და ისინი ბევრს და საინტერესოდ დაწერენ ჩანტლაძის გამორჩეულ პოეტურ ლექსიკაზე, ბგერწერაზე, ფორმაზე, სინტაქსზე, მეტრიკაზე, გროტესკის თუ იუმორის ფორმებზე. ჩვენში, რიგით, ქართულენოვან მკითხველში კი ეს პოემა ალბათ უწინარესად სიხარულს აღძრავს. ეს ტექსტი ქართული ენის ზეიმია, თავისი მოულოდნელი, მახვილი, ძალიან ზუსტი სიტყვებითა და უჩვეულო წინადადებებით. და წარმოსახვის, ხედვის, ფანტაზიის თუ ზმანებების ზეიმი. კითხულობ პოემას ქალაქური ყოფის ჩვეულებრივ, ტრივიალურ ნაწილზე - მოღრჭიალე ტრამვაიზე - და იერსახეების, განცდების, პერსპექტივების, ამბებისა და ასოციაციების დაუსრულებელ, ინტენსიურ, სიცოცხლით მფეთქავ კალეიდოსკოპს ხედავ.
შოთა ჩანტლაძე - 1968 წლის 29 ნოემბერს, 40 წლის ასაკში გარდაცვლილი პოეტი - პოდკასტის დღევანდელი გამოშვების გმირია. მისი მემკვიდრეობა, „ტრამვაის“ გარდა, კიდევ ბევრ მნიშვნელოვან და გამორჩეულ ტექსტს მოიცავს - მათ შორისაა „მანიფესტი“, „ჩემი მაგიდის წიგნი“, „სახელწოდებების შეცვლა“, „სიკვდილის როკვა ანუ სხეულის აგონია ანუ მიზეზი მოკვდინების“, და ბევრი სხვა. ჩანტლაძის ლექსები მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. ეს პოეტი ვერ და არ ეწერებოდა წესრიგში, რომელიც იმ დროში განსაზღვრავდა ხელოვანებისა და იდეოლოგიური წყობის ურთიერთმიმართებას. შოთა ჩანტლაძეს არც საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ ერგო ჯეროვანი დაფასება. მას, ცხადია, ჰყავდა და ჰყავს თავისი მკითხველი, მაგრამ მაინც რაღაცნაირად განზე მდგომ ავტორად რჩება.
ასათიანის კუთხე
შოთა ჩანტლაძეს ყველაზე ხშირად „ურბანულ პოეტს“ უწოდებენ ხოლმე. ქალაქი - თბილისი - მის ტექსტებში ის უბრალოდ კი არ ფიგურირებს, არამედ გვევლინება ცოცხალ ორგანიზმად, თავისი ადგილებით, პერსონაჟებით, ადამიანებით, ტრანსპორტით, შემთხვევითი შეხებებით, შეხვედრებით, განწყობებით. ჩანტლაძის ეს ქალაქური, თუ ქალაქის ლექსები ძალიან კინემატოგრაფიულია - ის ე.წ. „სიტყვიერი ფოტოგრაფიის“ უბადლო ოსტატია და სულ რამდენიმე მოკლე და ზუსტი სიტყვით თვალწინ გვიცოცხლებს ამ ქალაქის მცხოვრებთ - მზესუმზირის გამყიდველს, რომელსაც „მზისკენ არასოდეს გაუხედია“, მეპაპიროსეს - თეთრი ხალათით „და ხურდასავით უხვი ღიმილით“. და მილიციელს, ჩანტლაძის ტექსტების ხშირ პერსონაჟს, რომელიც, რეჟიმის მოთხოვნების შესაბამისად, იძულებულია ერთად თავმოყრილ ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდოს, თუმცა, შეიძლება სულაც არ ეხალისებოდეს ამის კეთება.
ქალაქის თემატიკის გარდა, შოთა ჩანტლაძის მემკვიდრეობა საკუთრივ პოეზიის შესახებაც მოიცავს ძალიან გაბედულ, უჩვეულო ვნებით დამუხტულ ლექსებს. „ჩემი პოზიცია იცოდეთ ყველამ: პოეტი პირობას არ ასრულებს იმ შემთხვევაში, როდესაც არ უცვლის საგნებს სახელებს“, გვეუბნება ის ერთგან, რადგან „ყველა თავმოყვარე პოეტი ვალდებულია საკუთარი გააჩნდეს ლექსიკა“. თავის ერთ-ერთ ძირითად ტექსტში, 1952 წელს დაწერილ „მანიფესტში“ კი აცხადებს: „პოეზიის სინათლე უნდა უნათებდეს ყველას დედამიწაზე, ყველგან დედამიწაზე, ყველამდე აღწევდეს“.
პოდკასტის გამოშვებაში შოთა ჩანტლაძეს იხსენებს მისი მეგობარი, ფილოლოგი ზურაბ კიკნაძე - ის გვიყვება პოეტის ხასიათის, სამეგობრო წრის, წერის პროცესის, და ბედისწერის შესახებ. ასევე ვესაუბრებით ლიტერატურის კრიტიკოსს, მალხაზ ხარბედიას, ავტორს 2017 წელს გამოქვეყნებული წერილისა „ბაღი და ხეტიალი“, რომელშიც ის ჩანტლაძის ქალაქური პოეზიის სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს. რა თქმა უნდა, ვკითხულობთ შოთა ჩანტლაძის ლექსებსაც - "ტრამვაის", და არა მხოლოდ.