Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა


ევროსაბჭომ გამოაქვეყნა ახალი სტატისტიკა ევროპის ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, რომელიც ასახავს 2018 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდს. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ციხეებში იმყოფებოდა 9407 პირი, თითქმის იგივე რაოდენობა, რაც 2016-ში იყო.

პატიმრების განსაკუთრებით მაღალი რაოდენობით ლიდერობს რუსეთი (418,3 პატიმარი 100 ათას მოსახლეზე), მეორე ადგილზე საქართველოა (252,2). მომდევნო ადგილებს იკავებენ: აზერბაიჯანი (235), მოლდოვა (215,2), ჩეხეთის რესპუბლიკა (208,8), პოლონეთი (194,4) და ესტონეთი (191,4)

ყველაზე ცოტა პატიმარია ისლანდიაში (46,8 ყოველ 100 ათას მოსახლეზე), ფინეთში (51,1), ნიდერლანდებში (54,4), შვედეთში (56,5), დანიაში (63,2), სლოვენიასა (61,1) და ნორვეგიაში (65,4).

პატიმართა რიცხვი გაიზარდა სან მარინოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, პორტუგალიაში, სერბეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

საქართველო გამოირჩევა პატიმართა რაოდენობის ყველაზე მკვეთრი შემცირებით (-43,3%), ამ კატეგორიაში მას მოსდევს ლატვია, რუსეთი, კვიპროსი, ესტონეთი და ხორვატია.

უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების წილობრივი მაჩვენებლით ლიდერობენ: შვეიცარია (71,4%), ავსტრია (54,7%), საბერძნეთი (52,7%).

წინა წელთან შედარებით უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების ზრდის კუთხით ლიდერთა შორისაა საქართველო (35%). ამ მხრივ მას სლოვენია (56%) და ხორვატია (44%) უსწრებენ.

ქალი პატიმრების წილობრივი უდაბლესი მაჩვენებლით ლიდერობს ბოსნია-ჰერცეგოვინა (2,2%). საქართველოს მაჩვენებელი 2,9%-ია.

საქართველო იმ ქვეყნების პირველ ხუთეულშია, სადაც პატიმართა სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა: ისლანდია (0), შვედეთი (7), ფინეთი (7,1), საქართველო (10,6) და ჩეხეთის რესპუბლიკა (10,8). პატიმართა სიკვდილიანობის საშუალო ეროპული მაჩვენებელი 26,3-ია.

დღიურად ყველაზე ნაკლებს თითო პატიმარზე ხარჯავენ: რუსეთი (2,5 ევრო, დაუზუსტებელი მონაცემი), აზერბაიჯანი (6 ევრო), მოლდოვა (9,4 ევრო), სომხეთი (11,4 ევრო), საქართველო (11,7 ევრო) და ჩრდილოეთ მაკედონია (17,2 ევრო). საშუალო ევროპული მაჩვენებელი 66,5 ევროა.

საქართველო ციხეების გადატვირთულობის მიხედვით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს (ყოველ 100 ადგილზე 91,4 პატიმარი) ჩამორჩება და მისი მაჩვენებელი 75,3-ია.

XS
SM
MD
LG