ყველაფერი საქართველოს ლიბერალური ხელისუფლების ბრალია, - ასეთია ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების ლიდერების პოზიცია ირანელი მომღერლის მიერ თბილისში ჩატარებულ კონცერტთან დაკავშირებით.
ისინი თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ დაუშვა, ხოლო შემდეგ - არ დაგმო ირანელი რეპერის, ამირ თათალუს შეურაცხმყოფელი ქმედებები და გამონათქვამები.
ირანელმა რეპერმა კონცერტი ფილარმონიის „ივენთ ჰოლში“ 24 მარტს ჩაატარა. ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირანელმა მომღერალმა სწორედ ამ კონცერტზე გააკეთა ქართველებისა და საქართველოს შეურაცხმყოფელი განცხადებები და ასევე შეურაცხმყოფელი იყო მისი მოქმედებები და ჟესტები.
29 მარტს, გურამ ფალავანდიშვილის, ხათუნა მაჭავარიანის, ლევან ჩაჩუას, გურამ ქართველიშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზატორები სასაუბროდ შეიპატიჟა ირანის ელჩმა საქართველოში, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა.
ელჩმა მათ განუმარტა, რომ თეირანს არავითარი ზეგავლენის ბერკეტი არ გააჩნია რეპერ თათალუს მსგავს პირებზე, რომლებიც ირანში აღარ ცხოვრობენ და დასავლეთის ქვეყნებში არიან მიგრირებული. შესაბამისად, საელჩოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ემიჯნებიან მომღერლის ქმედებებსა და გამონათქვამებს. აქციის მონაწილეებმა მიიღეს დაპირება, რომ საელჩო საგანგებო განცხადებას გამოაქვეყნებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ირანის საელჩოდან თურქეთის საელჩოსკენ დაიძრნენ. მათი განცხადებით, აპირებენ, რომ გააპროტესტონ თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივა ქრისტიანული ეკლესიის ტაძრის - „აია სოფიას“ მეჩეთად გადაკეთების თაობაზე.