ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ კრიზისის ფონზე ბრუნდება. თუ 2015 წელს პოლიტიკური ასპარეზის „მოულოდნელად“ დატოვების შემდეგ, მისი პოსტიდან გადადგომის მიზეზი იწვევდა კითხვას, ახლა მისი პოლიტიკაში დაბრუნებაა გამოცანა. არსებული შეფასებებით როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში გადაწყვეტილებები მის ნაცვლად პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. რას ელის იგი ირაკლი ღარიბაშვილისგან?
„ქართული ოცნების“ რებრენდინგი - ვახტანგ ძაბირაძის ხედვა
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის არ დააბრუნებდა პოლიტიკაში, რომ მან პარტიის პოლიტიკური მდივნის როლი შეასრულოს მხოლოდ. ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ირაკლი ღარიბაშვილი გამოსადეგია, როგორც სანდო კაცი, რომელიც ხისტი ხასიათითაც გამოირჩევა. მისი ეს ხასიათი, პოლიტოლოგის აზრით, პარტიის თავმჯდომარეს სჭირდება იმისთვის, რომ პირადად აარიდოს თავი „ქართული ოცნების“ არასასურველი წევრებისგან გაწმენდას.
„ქართულ ოცნებაში“ მიდის პროცესი, რომელიც მოიცავს ზოგიერთი ძველი, ივანიშვილისთვის არასასურველი წევრისაგან პარტიის გათავისუფლებას. როგორც ჩანს, ივანიშვილს სჭირდებოდა ამ საქმის მიმხედავი კაცი, რომელიც უფრო ხისტი და რადიკალური იქნებოდა. ღარიბაშვილი ამ მხრივაც გამოირჩევა“- გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ. მისი აზრით, პროცესის ლოგიკური განვითარება იძლევა იმის ვარაუდს, რომ პარტიის საკადრო ცვლილებების შემდეგ, დღის წესრიგში დადგეს სამთავრობო ცვლილებებიც. ამ ცვლილებების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დაწინაურების შემთხვევაში, ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი ვიხილოთ. პოლიტოლოგის შეფასებით, 2020 წლის არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ განახლებული, „რებრენდინგ გამოვლილი გუნდით“ წარდგება.
რევერანსი „ძველებს“-გია ნოდიას ხედვა
ვახტანგ ძაბირაძისგან განსხვავებით, პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად დაბრუნების მიზანია არა პარტიის გაწმენდა, არამედ ე.წ. ძველების დამშვიდება.
„ძველებს აქვთ აშკარად იმის იმედი,რომ ის მოვიდა იმისთვის,რომ ჩაანაცვლოს, ან გვერდზე გასწიოს ირაკლი კობახიძე. მაგრამ ეს მოხდება თუ არა, ჯერჯერობით სრულიად არ არის ცხადი. მოკლევადიანი მიზანი, რომელიც შეიძლება შესრულდეს, არის ის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა აღარ დატოვოს უმრავლესობის ფრაქცია და ცოტა ხნით ხალხი დამშვიდდეს.“- გვითხრა გია ნოდიამ, რომელიც ამავდროულად სკეპტიკურად უყურებს პროცესებს და კრიზისის გადავადებას უფრო მოელის, ვიდრე მის გადაწყვეტას.
„მთავარია პირადად მას რამდენად ენდობა ამ მომენტისთვის. ეს არ ვიცით. არადა იმისთვის, რომ გააძლიეროს, უნდა ენდობოდეს“- განაცხადა გია ნოდიამ, რომელიც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით რევერანსი გაუკეთა „ძველებს“, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება, რადგან „ძველების“ შეკვეთა „ახლების“ „მიჯირყვნაა“, ამის გაკეთების შემთხვევაში კი ბიძინა ივანიშვილი სტრატეგიულ წაგებას აღიარებს.
მოსამართლეთა საკითხი - ლევან ალაფიშვილის ხედვა
„გუშინ პრაქტიკულად იყო მცდელობა, სასამართლოსთან დაკავშირებული პრობლემების შერბილებისა და შელამაზებისა. მკვეთრი პოზიცია რომ დაეფიქსირებინა ირაკლი ღარიბაშვილს, ასეთი ვერ ვიხილეთ. ეს საკმაოდ ნიშანდობლივი შეიძლება იყოს. ამ ტაქტიკით პარტიის იმ წევრებთან, რომლებიც განაწყენებულები არიან, წარმატებას ვერ მიაღწევენ“- გვითხრა „სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ ანალიტიკოსმა, ლევან ალაფიშვილმა. მისი აზრით, სასამართლო სისტემა სერიოზული პრობლემაა თვითონ პარტიაშიც კი და „თუკი ამ სისტემის შენარჩუნებაზე იღვაწებენ პარტია და ღარიბაშვილი, ეს პრობლემის შემქმნელი იქნება არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ თვითონ „ქართულ ოცნებაში“.
5 მარტს ტელეკომპანია „პირველის“გადაცემაში „რეაქცია“ გამოთქმული მოსაზრებებით ირაკლი ღარიბაშვილმა გაანაწყენა ის „ძველები“, რომლებმაც უკვე დატოვეს პარტია. კერძოდ, ეკა ბესელია, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ არის თავისუფალი და შესაძლოა, ვიღაცის იარაღს წარმოადგენდეს. ეკა ბესელიამ საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილი დაადანაშაულა იმ მოსამართლეების დაცვაში, რომელთა დაწინაურების პერსპექტივის გამო დატოვა მან „ქართული ოცნება“.
ლევან ალაფიშვილის შეფასებით, უმთავრესი, რომლის წინაშეც პარტია დგას, არის არა შიდა დაპირისპირების, არამედ ამომრჩევლის, ელექტორალური მხარდაჭერის პრობლემა. ლევან ალაფიშვილს უჭირს იმაზე მსჯელობა, რას შეცვლის ამ პრობლემების მოგვარებაში ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნება.
რას ამბობს თავად ღარიბაშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას “ პოლიტიკური თანამდებობის დატოვებიდან სამი წლის შემდეგ პოლიტიკურ მდივნად დაუბრუნდა. 2019 წლის 5 მარტს პოლიტიკაში მობრუნებისთანავე გაკეთებულ პირველივე კომენტარებში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პარტია გაერთიანებისა და გაძლიერების ახალ ეტაპზე გადადის, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადოს.
„ ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია იქნება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი პარტიის, როგორც ჩვენი დამფუძნებლების, ანუ წინა მოწვევის პარლამენტის წევრების და ჩვენი თანაპარტიელების, პირველი თაობის, ასე ვთქვათ, ასევე ახალი თაობის შეკავშირება უფრო მჭიდროდ, უფრო მეტი კოორდინაცია და გაერთიანება საბოლოო ჯამში და გაძლიერება ჩვენი პარტიის, აი, ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა“, - განაცხადა 5 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“.