ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა უფლებებსა და მათი გაძლიერებისთვის საჭირო სერვისებზე სასაუბროდ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში დაიბარეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სოციალური მუშაკები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უმცირესობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები.
2 საათიან შეხვედრაზე ძირითადად საუბარი სოციალური მუშაკების მუშაობის სირთულეებს და ბავშვთა დაცვის სერვისების არარსებობას შეეხებოდა.
- რას და რამდენი ხანია ითხოვენ სოციალური მუშაკები?
- რას ამბობენ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები?
- რა პასუხი აქვს მინისტრს?
- რის გაკეთებას გეგმავს რეალურად სამინისტრო სოციალური მუშაკების გასაძლიერებლად?
“რაზეც სოციალური მუშაკები დღეს ვსაუბრობთ, ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს არის ასი ათასობით ყველაზე დაუცველი ადამიანის პრობლემა ამ ქვეყანაში, რომელთანაც პირველი მიდის სოციალური მუშაკი და რომელთანაც ბოლომდე რჩება სოციალური მუშაკი.”
“10 წელია სოციალური მუშაკები ვითხოვთ ცვლილებებს. გვქონდა განცდა, რომ დამსაქმებელმა არ იცის, რა არის ჩვენი სამუშაო”
“2 წლის განმავლობაში წერილებს ვწერდით ჯანდაცვის მინისტრს, ვითხოვდით შეხვედრებს და არც ერთ ოფიციალურ წერილზე პასუხი არ მიგვიღია. “
“ჩემი სამუშაო დღის ბოლო დღეს ოჯახიდან გამოვიყვანეთ 4 არასრულწლოვანი, რომლებიც იყვნენ ძალადობის მსხვერპლები. სერვის ცენტრში, სადაც ბავშვები მივიყვანეთ, 10 კვ.მეტრის ოთახიც კი არ არის, რომ ეს ბავშვები განმეთავსებინა. დეპარტამენტმა გვითხრა, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ერთად განსათავსებლად მთელს ქალაქში არ არის ადგილი, სადაც მათაც ერთად განვათავსებთ და ისინი ერთმანეთისთვის უნდა დაგვეშორებინა. რატომ უნდა ვუხსნიდე ჩემს დამსაქმებელს, რომ 4 ძალადობაგამოვლილი დედმამიშვილის დაშორება არ შეიძლება? “
“ერთი კვირის მოსული ადამიანი მიდის და მუშაობს სექსუალურ ძალადობაზე. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მას რაღაც აუცილებლად შეეშლება? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ სოციალურ მუშაკს ასი საქმე ეწერება თითო კვირაში და განცხადების წაკითხვასაც ვერ ასწრებენ. ის რომ არ კვდებიან ბავშვები, ის რომ არ გვიკვდებიან ხანდაზმულები მხოლოდ და მხოლოდ არის შემთხვევითობის დამსახურება.”
"როდესაც სერვის ცენტრში მოდის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პატარა ბავშვი, მე მას უნდა გავესაუბრო 10 სოციალური მუშაკის თანდასწრებით, რომელსაც თავზე ადგას 10 ბენეფიციარი და ამ ბავშვმა უნდა მოყვეს როგორ იძალადეს მასზე სექსუალურად ამ ყველა ადამიანის თანდასწრებით, რადგან ცალკე ოთახი არ გვაქვს მასთან გასაუბრების"
"რა უნდა გააკეთოს სოციალურმა მუშაკმა, რომელიც მუშაობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან, რომელსაც აქვს თვითმკვლელობის მცდელობა. მე რომ გადავამისამართო ფსიქოლოგთან, მინიმუმ 7 თვე უნდა ელოდოს ეს ბავშვი ფსიქოლოგს, რადგან მთელ ქვეყანაში სულ 10 ფსიქოლოგი მუშაობს ამ სისტემაში და ვინ იცის რომ ის თავს არ მოიკლავს ამ დროში."
ეს არის არასრული ნაწილი იმის, რაც უთხრეს ყოფილმა და მოქმედმა სოციალურმა მუშაკებმა 5 მარტს ჯანდაცვის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს.
უფრო ადრე, 7 თებერვალს სოციალურმა მუშაკებმა გამოაქვეყნეს განცხადება სისტემური ცვლილებებით.
აი ნაწილი მათი მოთხოვნების:
- დაუყოვნებლივ გაიზარდოს ყველა სერვის-ცენტრში სოციალური მუშაკების რაოდენობა. გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ფსიქოლოგების რაოდენობა და თითოეულ მომსახურების ცენტრს და რაიონულ განყოფილებას ჰყავდეს საკუთარი ფსიქოლოგი;
- გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იურისტების რაოდენობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს თითოეულ ცენტრში საჭიროა მინიმუმ სამი იურისტი, რომლებიც იმუშავებენ აღსრულების, სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობისა და შიდა იურიდიული საქმისწარმოების მიმართულებით;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით თითოეულ სოციალურ მუშაკს უნდა ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის შესანახი დაცული სივრცე;
- თითოეულ ცენტრში გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც დაცული და დაარქივებული იქნება მეურვეობა/მზრუნველობის და სოციალური პროგრამების მიმართულებით წარმოებული საქმეები;
- ყველა ცენტრი ადაპტირდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
- სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილი ვიყოთ სამედიცინო დაზღვევით და გვქონდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სარგებლობის უფლება;
- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მაქსიმალურად იქნას დაცული ჩვენი პირადი უსაფრთხოება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები აღიჭურვოს უსაფრთხოების სისტემებით.
რას ამბობენ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები?
“2012 წლის შემდეგ სოციალური დაცვის მიმართულების პრაქტიკულად რეფორმას ვერ ვიხსენებთ. თუ თქვენ დაასახელებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ან მხარდამჭერის რეფორმებს, მე გეტყვით, რომ კონცეპტუალურად კი ვართ რეფორმატორები, მაგრამ ეს რეფორმები ამ ყველაფერმა სოციალური მუშაკების როლი და დატვირთვაგაასამმაგა და მათი მხარდაჭერა, გარდა 2015 წელს 100 ლარიანი ხელფასის ზრდის გარდა არ მომხდარა. “ - თქვა უფლებადამცველმა ანა აბაშიძემ შეხვედრის თითქმის მიწურულს.
სოციალური სამსახურის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციები აქვს გაეროს ბავშვთა ფონდსაც, სადაც თვლიან, რომ:
- სოციალურ მუშაკები უნდა იყვნენ სპეციალიზირებულები კონკრეტულ მიმართულებებზე და არ შეიძლება ერთი ადამიანი ერთდროულად ბავშვების, ხანდაზმულების და შშმ პირების თემაზე მუშაობდეს.
- საჭიროა ოჯახის დამხმარე მომსახურებების ამუშავება - ასეთი სერვისები რეგიონების უმეტეს ნაწილში ამ დროისთვის არ არსებობს.
- სერვისები, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვაში გადასული ბავშვებისთვის დღეს არსებობს, არასაკმარისია და პირველ რიგში მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სერვისების არსებობა.
სოციალური მუშაკების მძიმე სამუშაო გარემოსა და რთულად შესასრულებელ მისიას ეძღვნება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევაც, სადაც ვკითხულობთ, რომ “ბოლო წლებში სოციალური მუშაკების მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევებში უმრავლესობა (დაახლოებით 75%) სამსახურს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.კვლევის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ სამსახურის დატოვების მთავარ მოტივაციას წარმოადგენს სააგენტოში არსებული სამუშაო პირობების სირთულე და საჯარო სექტორის სხვა დაწესებულებებში იმავე პოზიციაზე უკეთესი დასაქმების შესაძლებლობები.”
რა პასუხი აქვს მინისტრს?
“რამდენჯერმე გაჟღერდა კითხვა, ვინ არის ამა თუ იმ საკითხზე პასუხისმგებელი. ვამბობ ხაზგასმით, იმაზე, რაც ხდება სამინისტროში, ან მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებში, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის მინისტრი. სოციალურ მუშაკებს ძალიან დიდი ტვირთი დააწვათ მხრებზე და ეს არ არის მხოლოდ რაოდენობრივი, ისინი აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების წინაშე მარტო. ეს არის პრობლემა და ეს ემოცია იგრძნობა მთლიანად. მეც ვგრძნობ ამას და გარწმუნებთ, რომ ეს მხოლოდ გრძნობების დონეზე არ დარჩება“, - თქვა დავით სერგეენკომ 5 მარტს გამართულ შეხვედრაზე და ასევე შეეხო იმ ფუნქციებს, რასაც დღეს სოციალური მუშაკები ასრულებენ.
„რა ფუნქციებს ასრულებს დღესდღეობით სოციალური მუშაკი: ბავშვზე ოჯახში ძალადობის გამოვლენა, მათზე რეაგირება და შემდგომი ინტერვენციების გამოვლენა; მეურნეობის მზრუნველობის მხარდაჭერის საქმიანობა და მათზე ზედამხედველობა; ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ზედამხედველობა; დამცავი და შემაკავებელი ორდერების და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ სასამართლოში პროცესებში მონაწილეობა. არასრულწლოვანთა დაკითხვის პროცესში მონაწილეობა. ოჯახური დავების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება; ფულადი და არაფულადი დახმარების საკითხში მონაწილეობა და ამ საკითხთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება, როგორიც არის ოჯახებთან გასაუბრება, სერვისების მიღებაში დახმარება და სხვა; ეს არის მოკლე და საკმაოდ მშრალი ჩამონათვალი იმ აქტივობების, რასაც ახორციელებენ სოციალური მუშაკები“.
სერგეენკომ სფეროში კადრების სიმცირეზეც ისაუბრა, და თქვა, რომ წლების განმავლობაში სოციალური მუშაკების რაოდენობა და იზრდებოდა და თუ 2009 წელს 171 მუშაკი გვყვავდა, 2018 წელს მათმა რიცხვმა 244 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში სახელმწიფო დაახლოებით 8 ადამიანით ზრდიდა ამ სამსახურს.
რის გაკეთებას გეგმავს რეალურად სამინისტრო სოციალური მუშაკების გასაძლიერებლად?
5 მარტის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ ძირითადი დაპირება, რაც მინისტრისგან გაისმა, იყო ის, რომ მოგვარდება სოციალური მუშაკების ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, მიმდინარე წელს 50-ით გაიზრდება სოციალური მუშაკების რაოდენობა და მინისტრი პირად კონტროლზე აიყვანს ერთ-ერთ ადამიანს, რომლის შესახებაც ისაუბრა სოციალურმა მუშაკმა, თეა მაღრაძემპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე.
"დედა იყო დანიშნული მეურვედ, შვილს ჰქონდა ფსიქოსოციალური (ფსიქიატრიული) პრობლემა. დედა დაავადდა სიმსივნით. გასული წლის ზაფხულიდან წერდა ეს ქალი, რომ მე შეიძლება გარდავიცვალო და განათავსეთ ჩემი შვილი ხონის ფსიქიატრიულში.. დედა გარდაიცვალა შემოდგომაზე, ეს ადამიანი დარჩა სრულიად მარტო, არ ჰყავს მომვლელი და ეს ადამიანი არის ხონის ფსიქიატრიულში ჩარიცხვის რიგში 35-ე. ამ ადამიანს არ აქვს წამლის მიღების და თავის მოვლის უნარები, შეიძლება გაიყინოს. ამ ადამიანს რომ რამე დაემართოს ვისი პასუხისმგებლობა იქნება ჩემი თუ სახელმწიფოსი?" -იკითხა სოციალურმა მუშაკმა.
უფლებადამცველი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრის მთავარი მიღწევა მინისტრისგან პრობლემების აღიარება იყო, თუმცა კონკრეტული საქმეების პირად კონტროლზე აყვანა უხერხულობას ქმნის, ვინაიდან მთავარი ამოცანა სისტემის გაუმჯობესებაა, რომელიც ყველას დაიცავს და არ შეიძლება სახელმწიფო ლატარიის პრინციპით ფუნქციონირებდეს, სადაც მხოლოდ ერთს უმართლებს.