გასული 6 წლის განმავლობაში, თბილისის მერიაში გაცემული პრემიები და დანამატები თითქმის 52 მილიონ ლარს აღწევს. 2013-2018 წლებში ჩინოვნიკების ფულად დანამატებზე უფრო მეტი დაიხარჯა, ვიდრე მოქალაქეების ჯანდაცვის პროგრამებზე, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე, ტრანსპორტის განვითარებასა და გამწვანებაზე.
უფრო კონკრეტულად:
2013 წელს პრემიებსა და დანამატებზე თითქმის 17 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს უფრო მეტია, ვიდრე ამავე წელს ქალაქის გამწვანებასა და დასუფთავებაზე, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკების ხელშეწყობაზე, სპორტული მოედნების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დახარჯული თანხა ერთად.
2014 წელს პრემიებსა და დანამატებზე დახარჯული თითქმის 15 მილიონი ლარი იმაზე მეტია, ვიდრე ამ წელს კულტურის, სპორტული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობების კეთილმოწყობის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების და მშენებლობის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი.
2015 წელს პრემიებსა და დანამატებზე დახარჯული თითქმის 7 მილიონი ლარი უფრო მეტია ვიდრე ამ წელს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დახარჯული თანხები. ამ დროისთვის ქალაქში ჯერ მხოლოდ ექსპლუატაციის ვადა გასული, ყვითელი ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები დადიოდნენ.
2016 წელს 6 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა ქალაქს პრემიებისა და დანამატების გადახდა. ეს თანხა ცოტათი ნაკლებია იმაზე, ვიდრე ამ წელს დაიხარჯა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციებზე, “c” ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა დაა ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა.
2017 წელს წინა წლებთან შედარებით პრემიებში დახარჯული თანხა განახევრდა, მაგრამ ჯამში პრემიებსა და დანამატებში 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს უფრო მეტია, ვიდრე ამ წელს ბიუჯეტში სოციალურად დაუცველ მოსწავლეებისთვის გამოყოფილი თანხა უფასო სწავლებისთვის ხელოვნების სკოლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში, სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში.
2018 წელს მერიაში გაცემული პრემიები და დანამატები თითქმის 3 მილიონი ლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს გასული 6 წლის განმავლობაში ყველაზე მცირე თანხაა, რაც ჩინოვნიკებმა ხელფასის დანამატად აიღეს, მაინც უფრო მეტია, ვიდრე ამ წელს გამწვანებასა და მცენარეთა მოვლა-პატრონობაზე დახარჯული თანხა და დაახლოებით იმდენი, რამდენიც მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებისთვის გამოყოფილი თანხა.
მერიის თანამშრომელთა ავტომობილები
მერიის თანამშრომლების ემსახურება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 362 ავტომობილი, რომელთა ტექნიკური მომსახურებაც წელიწადში საშუალოდ ნახევარი მილიონი ლარი უჯდება ქალაქს.
ტელევიზიებსა და სოციალურ მედიაში დახარჯული თანხა
თბილისის მერია სოლიდურ თანხას იხდის ყოველწლიურად მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციის გავრცელებაში. მხოლოდ 2018 წელს FACEBOOK-ზე, რადიოსა და ტელევიზიაში მუნიციპალიტეტმა ნახევარ მილიონზე მეტის (675 655) ღირებულების რეკლამა განათავსა.
Facebook-ში რეკლამაზე მერიამ 137 516 ლარი დახარჯა, სატელევიზიო რეკლამაში 526 521, რადიო რეკლამაში 11 990. სატელევიზიო რეკლამის განთავსებაში ქალაქმა ტელეკომპანია იმედს სამჯერ მეტი თანხა გადაუხადა, ვიდრე რუსთავი 2-ს.
მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოში 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით დასაქმებული იყო 25 შტატგარეშე და 43 შტატიანი თანამშრომელი.