სალომე ასათიანის პოდკასტი
„ამ წიგნს ერთხელ თუ წაიკითხავთ, მისგან თავს ვეღარასოდეს დაიხსნით“; „უდიდესი საჩუქარი ბუნების ყველა მოყვარულს“; „ერთი კაცის შეპყრობილობის ძლიერი, ვნებიანი და სათუთი ამბავი“; „ლიტერატურული შედევრი“ - ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ უამრავი აღმატებული ეპითეტისგან, რომლებიც გამოცემებმა და კრიტიკოსებმა ინგლისელი ავტორის, ჯეი ეი ბეიკერის წიგნს, „შევარდენს“ მიუძღვნეს ახლახან, მის 50-ე წლისთავზე. ეს წიგნი ინგლისში პირველად 1967 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ინარჩუნებს საკულტო სტატუსს.
„შევარდენს“ ბევრნაირი მკითხველი ჰყავს. მას კითხულობენ გარემოს დამცველები, ბიოლოგები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, სტუდენტები, პოეტები, მწერლები, მუსიკოსები. ამ წიგნზე ყოველთვის ემოციით საუბრობენ. გერმანელი კინორეჟისორი, ევროპული კინოს ერთ-ერთი უკანასკნელი ძველი ყაიდის ბუმბერაზი, ვერნერ ჰერცოგი „შევარდენს“ სავალდებულო საკითხავად აძლევს ყველა სტუდენტს. „ეს საოცარი წიგნია, პროზის ასეთი კალიბრი ჯოზეფ კონრადის შემდეგ აღარ გვინახავს. ვისაც მართლა უყვარს ლიტერატურა, მართლა უყვარს ფილმები - ეს წიგნი უნდა წაიკითხოს“ - ამბობს ის.
ასათიანის კუთხე
ჯონ ალეკ ბეიკერის, იგივე ჯეი ეი ბეიკერის, წიგნის სტრუქტურა და მასში მოთხრობილი ამბავი უკიდურესად სადა და მარტივია: ეს არის ამბავი კაცზე, რომელიც შევარდენს აკვირდება და მის შესახებ წერს. წიგნს ძირითადად დღიურის ფორმა აქვს. მაგრამ ბეიკერის „შევარდენი“ ყველაფერია, გარდა ჩვეულებრივი, კლასიკური ორნითოლოგიური გამოკვლევისა. „ველური არსებისთვის არც ტკივილი, არც სიკვდილი არ არის ისეთი საშინელი, როგორიც ადამიანის შიში" - წერს ჯეი ეი ბეიკერი და ამბობს - „სადაც უნდა წავიდეს შევარდენი ამ ზამთარს, მას თან გავყვები. გავიზიარებ მონადირე ცხოვრების შიშს, ეგზალტაციას და მოწყენილობას. მას თან გავყვები მანამ, სანამ ჩემი, მტაცებელი ადამიანის მოყვანილობა შიშით აღარ გაამუქებს ფერთა იმ ჭრელ კალეიდოსკოპს, რომელიც მისი შესანიშნავი თვალის ღრმა ფოვეას ატყვია ლაქად“.
ყველაზე ზოგადი დახასიათებით, „შევარდენი“ შეპყრობილობის ამბავია. ჯეი ეი ბეიკერი - ახლომხედველი, სათვალიანი, ოფისში მომუშავე ინგლისელი კაცი - ინგლისის სამხრეთაღმოსავლეთში, ესექსში დახეტიალობს ველოსიპედით, ან ფეხით და მეთოდურად, გულდასმით აკვირდება მის ნისლიან ქვეყანაში მცხოვრებ შევარდნებს. ბინოკლით უყურებს მათ ფრენას, ნადირობას, ციდან დაშვებას, დასვენებას. თანდათან სწავლობს შევარდენთა ადგილმდებარეობის გამოცნობას - თავიდან ამას ლოგიკით გამოითვლის ხოლმე, მერე და მერე კი უკვე ინსტინქტი კარნახობს სად იქნება ფრინველი მოცემულ მომენტში.
ტექსტი, რომელიც იწყება ადამიანის მიერ ფრინველზე დაკვირვების თითქოს ორდინარული ჩანაწერებით და ნელი, აუჩქარებელი ტემპით, თანდათან ჟანრს იცვლის და თავბრუდამხვევი ხდება. ბეიკერი შევარდენს ისე დაუახლოვდება, რომ გარემოს უკვე მისი პერსპექტივიდან, შევარდნის ხედვით აღწერს. „წიგნში არის რამდენიმე მომენტი, როცა ხვდებით, რომ ის მთლიანად შესულია შევარდნის არსებაში. და მეც ამას ვაკეთებ, როცა ფილმს ვიღებ ხოლმე. ჩემი თავის გარეთ გავდივარ“ - ეუბნება ვერნერ ჰერცოგი თავის სტუდენტებს. წიგნის ბოლო გვერდი ჩუმი ტრიუმფით აფეთქდება - შევარდენი ადამიანს მიიღებს, მის შიშს გადალახავს და ბოლომდე მიენდობა. ჯეი ეი ბეიკერი და ეს დიდებული ფრინველი რამდენიმე წამით სრულ ჰარმონიაში, გარინდებულ სიმშვიდეში თანაარსებობენ.
„კითხულობ ამ წიგნს და თანდათან ეცნობი თანამედროვე შამანური კავშირების გამოცდილებას, ადამიანის და სხვა ცოცხალი სახეობების ურთიერთობების გამოცდილებას. და ამას უძლიერესი ეფექტი აქვს. ეს ყველა ჩვენგანში დევს, როგორც ადამიანში. სადღაც, ღრმადაა ჩადებული ჩვენს გონებაში. წარსულში ამას ყველანი ვაკეთებდით და მხოლოდ ბოლო ათასწლეულებია ეს მსოფლმხედველობა მოვიშალეთ“ - გვეუბნება ინგლისელი მწერალი და ესექსის უნივერსიტეტის ლექტორი, დოქტორი ჯეიმს კენტონი. და ეს მართლაც ასეა. პირდაპირი მნიშვნელობით, ბეიკერს არაფერი აქვს საერთო არც შამანიზმის კულტურებთან, არც რომელიმე მკვიდრი მოსახლეობის ტრადიციებთან, ლეგენდებთან ან მითებთან. ის დასავლელი, ინგლისელი კაცია და ამავე ენაზე, ამავე დისკურსში წერს. ისსწორედ ამ ენით ახერხებს გასცდეს ადამიანის და ბუნებრივი სამყაროს ურთიერთმიმართების დამკვიდრებულ, ასიმეტრიულ და უსიცოცხლო მოდელს და ადამიანი წამიერად მაინც დააბრუნოს ცოცხალი ბუნების ორგანულ ნაწილად.
პოდკასტის ამ გამოშვებაში ამ წიგნის მნიშვნელობაზე გვესაუბრება დოქტორი ჯეიმს კენტონი, ესექსის უნივერსიტეტის ლექტორი, თავადაც მწერალი, ესექსის უნივერსიტეტში განთავსებული ჯეი ეი ბეიკერის არქივის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. გამოშვებაში ვკითხულობთ "შევარდნიდან" ნაწყვეტებს, რომლებიც საგანგებოდ ითარგმნა ქართულად.