სალომე ასათიანის პოდკასტი
სექსუალური ტრანსგრესიის, ეროტიკული ვნებების, ადიულტერის, ანუ მეუღლის ღალატის შესახებ ლიტერატურის ისტორიაზე ლაპარაკი ნიშნავს საკუთრივ ლიტერატურის ისტორიაზე ლაპარაკს - აცხადებენ ლიტერატურის თეორეტიკოსები. ისინი ამბობენ, რომ ეს თემა მოიცავს სხვადასხვა საუკუნეს თუ ეპოქას, ბერძნული მითებიდან და ჰომეროსიდან - შექსპირამდე, ჩოსერამდე, ჯოისამდე და აპდაიკამდე; სხვადასხვა ჟანრს - სენტიმენტალურ-მელოდრამატულიდან, მაგალითად „მედისონის ოლქის ხიდები“, დიდ და ბუმბერაზ ტექსტებამდე - „მადამ ბოვარი“, „ანა კარენინა“.
რა თქმა უნდა, ცნებები „ღალატი“, „სიძვა“, „ადიულტერი“, „ქორწინება“ თუ „მონოგამია“ იცვლებოდა განსხვავებულ კონტექსტებში. სექსუალობის შეზღუდვის, ტაბუების, კონტროლის წყარო იყო როგორც საზოგადოებრივი მორალი, რელიგია, ისე პრაგმატული ეკონომიკური მოსაზრებები - ქმარს უნდა ცოდნოდა, რომ ისინი, ვისაც სიცოცხლის ბოლოს თავის ქონებას დაუტოვებდა, ნამდვილად მისი შვილები იყვნენ. მეცხრამეტე საუკუნეში დამკვიდრდა საკუთრივ „ადიულტერის შესახებ რომანის“ ქვეჟანრი, რომელსაც, სხვა ავტორებთან ერთად, სახელი გაუთქვეს ფლობერმა, ტოლსტოიმ და ფონტანემ. ეს რომანები, როგორც წესი, მოღალატე ცოლზეა - დასავლური რომანის ტრადიციაში კაცის სექსუალურ ტრანსგრესიას და, მით უფრო, ქმრის მიერ ცოლის ღალატს შეუდარებლად უფრო მცირე დატვირთვა ჰქონდა. წამყვანი ნარატივი გახდა მაღალი კლასის, დაქორწინებული ქალის ამბავი - რომელსაც ახალგაზრდა და ხშირად უცოლო მამაკაცი აცდუნებს და ბოლოს ეს ამბავი ქალისათვის ტრაგიკულად მთავრდება.
მოკლედ, ტრანსგრესიული სექსუალური წარმოსახვის ფურცელზე გამოხატვის უფლება ძირითადად კაც მწერლებს ჰქონდათ; და ისინიც ხშირად მოღალატე ქალებზე, ცოლებზე, მათ დრამებზე და ტრაგედიებზე წერდნენ. თუმცა თანდათან კლიმატი შეიცვალა. დასავლეთის ქვეყნების ლიტერატურა უკვე იცნობს არაერთ ქალ ავტორს, რომელიც ქალის სექსუალობაზე წერს და ქალის პოზიციიდანვე აღწერს იმ შინაგან თუ საზოგადოებრივ კონფლიქტებს, რომლებსაც ქალი თავისი სურვილების და ლტოლვის შედეგად ეჯახება. მათ შორის ერთ-ერთია ჩვენი პოდკასტის
დღევანდელი გამოშვების სტუმარი, ამერიკელი მწერალი, ჯეიმი კუატრო. მისი მოთხრობების კრებული, სახელწოდებით „მინდა მეტი გაჩვენო“, 2013 წელს „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამორჩეულ წიგნად დაასახელა, NPR-მა - შეერთებული შტატების საზოგადოებრივმა რადიომაუწყებელმა - „წლის საუკეთესო წიგნად“, ჟურნალმა „ნიუ-იორკერმა“ კი წლის ფავორიტად. შარშან ჯეიმი კუატრომ რომანიც გამოაქვეყნა სათაურით „ცეცხლის ქადაგება“ - რომელიც „ეკონომისტმა“ 2018 წელს გამოცემული რომანების შვიდეულში შეიყვანა, „ბლუმბერგმა“, „ლიტჰაბმა“ და კიდევ სხვა გამოცემებმა კი წლის რომანად დაასახელეს.
ჯეიმი კუატროს მოთხრობები ხშირად ძალიან მოკლეა და მათი უმეტესობა ადიულტერის თემაზეა. ის წერს ქალის ეროტიკულ გონებაზე, სექსუალურ ფანტაზიებზე, ხშირად აღწერს ქორწინებისგარე ურთიერთობებს, რომლებიც დისტანციურად, ტელეფონით და ინტერნეტით ვითარდება. კუატრო მუდმივად უბრუნდება კითხვას, მაინც რას ნიშნავს "ღალატი" და "ადიულტერი"? სად გადის ზღვარი ფანტაზიას, ლტოლვას, ფლირტს, სატელეფონო თუ ინტერნეტურთიერთობასა და „რეალურ“ შეხებას, ფიზიკურ სქესობრივ აქტს შორის?
ასათიანის კუთხე
ჯეიმი კუატროს ტექსტებში დიდწილად მოხსნილია მეუღლის, თუ საზოგადოების მიერ ადიულტერის გამოაშკარავების საფრთხით შექმნილი დაძაბულობა; მის პერსონაჟებს მთავარი კონფლიქტი საკუთარ თავთან,სინდისთან და რწმენასთან აქვთ - ღმერთთან, რომელიც ყველაფერს ხედავს და ჩვენი ფიქრები, განცდები და სურვილებიც იცის. ათი მცნებით ხომ მრუშობა არა ერთხელ, არამედ ორჯერაა აკრძალული - პირველად როგორც აქტი, "არა იმრუშო"; მეორედ როგორც გულისთქმა, სურვილი, თუ ფიქრი.
ქრისტიანული რწმენა ჯეიმი კუატროს ცხოვრების ნაწილი ბავშვობიდანვე გახდა, ის მკაცრად რელიგიურ გარემოშია გაზრდილი. მწერალი თვლის, რომ აკრძალვების მიღმა, ეროტიციზსა და მეტაფიზიკურის, ტრანსცენდენტულის წამიერ აღქმას შორის არსებობს მდიდარი, ინტენსიური და იდუმალი კავშირები.
„ყველაზე თავბრუდამხვევი სხვა, რომელსაც ადამიანები ქორწინების გარეთ ურთიერთობაში აღმოაჩენენ ხოლმე, არის არა ახალი პარტნიორი, არამედ ახალი მე, საკუთარი თავის ახალი ვერსია. როცა ვგრძნობთ, რომ სხვა ადამიანი გვიყვარდება, რეალურად ხშირად საკუთარი თავის ის ვერსია გვიყვარდება ხოლმე, როგორიც იმ ადამიანთან ვიქნებოდით. ანუ ჩვენი ჰიპოთეტური, ალტერნატიული ცხოვრება“ - გვეუბნება ჯეიმი კუატრო და დასძენს - „გვიყვარდება ადამიანები, რომლებშიც, რაღაცნაირად, საკუთარ გამოსახულებას ვხედავთ - საკუთარი თავის ყველაზე კარგ და მომხიბვლელ ვერსიას“. კუატრო დიდი ოსტატობით და გაბედულებით გვაჩვენებს როგორც ეროტიკული გონების, სექსუალური წარმოსახვის ძალას, ისე ქორწინების გარეთ „რაღაც სხვის“ ძიების, ტრივიალური ყოფიდან გაქცევის დიდწილად ილუზორულ ვნებას. და, ამდენად, თავისი შემოქმედებით საინტერესოდ და კომპლექსურად პასუხობს მარსელ პრუსტის ცნობილ ციტატას - რომ „სიყვარულში მთავარი ჩვენი წარმოსახვაა, და არა სხვა ადამიანი“.