ერთი წელი შესრულდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავეს და იქიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ამ რეგიონიდან დევნილი არჩილ ტატუნაშვილი პერიოდულად ჩადიოდა ახალგორში, სადაც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა.
23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. დე ფაქტო ხელისუფლების ეს ვერსია დაადასტურა რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, სამხედრო პატივით დაკრძალეს მუხათგვერდის ძმათა სასფლაოზე. იმავე წლის მაისში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა ღირსების ორდენით.
2018 წლის ივნისში საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების ორ თანამშრომელს - ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურორის თანაშემწეს დავით გურწიევს და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსს, ალიკ ტაბოევს. ისინი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებიან.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება.
2018 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე დაამტკიცა დადგენილება ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე.“
ამ სიაში შეიყვანეს 33 პირი, რომლებიც მხილებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ მკვლელობაში, გატაცებასა, წამებაში და ამ დანაშაულთა დაფარვაში.
2018 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი "არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ,” რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა შევიწროების და მკვლელობის გამო, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოსაც.