სალომე ასათიანის პოდკასტი
პოდკასტის დღევანდელი გამოშვება ერთ თხელტანიან, მაგრამ უმნიშვნელოვანეს რომანს ეძღვნება - ბრიტანელი მწერალი ქალის, ჯინ რისის მიერ 1966 წელს გამოქვეყნებულ წიგნს „ფართო სარგასოს ზღვა“, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ბევრისათვის საყვარელი კლასიკური ინგლისური რომანის, შარლოტ ბრონტეს „ჯეინ ეარის“ აღქმა. გიამბობთ იმაზე, თუ როგორ დაუბრუნდა ადამიანის ხმა, სახე, განცდები, ემოციები და ბედისწერა ტრაგიკულ ბერთა მეისონს - „ჯეინ ეარის“ ედვარდ როჩესტერის პირველ ცოლს, რომელსაც ბრონტესთან ვიცნობდით სხვენში გამოკეტილ შეშლილ ქალად, შემზარავი სიცილით და დესტრუქციული ვნებით.
„ფართო სარგასოს ზღვა“ გამორჩეული წიგნია თავისი სიღრმით, მგრძნობელობით, ენობრივი და თემატური სიმდიდრით. ის გვიყვება იამაიკაზე მცხოვრები კრეოლი ქალის, ანტუანეტ კოსვეის ტრაგიკულ ისტორიას - ანტუანეტი ცოლად მიჰყვება ახალგაზრდა ედვარდ როჩესტერს, რომელსაც მხოლოდ მისი ქონება აინტერესებს, მას ცივად ეპყრობა, ღალატობს. ანტუანეტი ცდილობს საკუთარი თავის, იდენტობის, სიმყარის პოვნას, ცდილობს ქორწინების შენარჩუნებას - მაგრამ საკუთარ ადგილს ვერსად იმკვიდრებს. ქმარი მას სახელს, ანტუანეტსაც წაართმევს, „ბერთას“ დაარქმევს და ის კარიბის თბილი, აყვავებული, მწვანე სივრციდან ცივ და ბნელ ინგლისში მიჰყავს. გაუცხოება, უსიყვარულობა, მარტოობა და მიტოვებულობის განცდა ქალის ფსიქიკას თანდათან არღვევს - და ახალგაზრდა, სიცოცხლით, იდეებით და ფიქრებით სავსე ანტუანეტიც ჩვენს თვალწინ გარდაიქმნება ბერთა მეისონად - „შეშლილ ქალად სხვენში“.
ჯინ რისის ამ რომანს, „ფართო სარგასოს ზღვას“, დღეს ბრიტანეთის ყველა უნივერსიტეტში ასწავლიან. ეს წიგნი ითვლება ფემინისტური და პოსტკოლონიური ტრადიციების უმნიშვნელოვანეს ტექსტად - რომანად, რომელმაც ხმა დაუბრუნა ისტორიიდან და ლიტერატურიდან გარიყულ ადამიანებს, მათ შორის ქალებს, რომლებიც პატრიარქალური და რასისტული მექანიზმებით განსაკუთრებულად მძლავრ ჩაგვრას განიცდიდნენ; ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც დასავლეთის იმპერიალისტურმა ისტორიამ ძალით მოაშორა თავიანთ მიწებს და აფრიკიდან კარიბის სივრცეში, მონებად ჩაიყვანა.
ასათიანის კუთხე
„ფართო სარგასოს ზღვაში“ მოთხრობილი ანტუანეტის ისტორია უცნაურად ირეკლავს და მოგვაგონებს თავად ჯეინ ეარის ამბავს. ანტუანეტიც და ჯეინიც არიან დამოუკიდებელი, სიცოცხლით და წარმოსახვით სავსე ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც გამოვლილი აქვთ რთული ბავშვობა და მკაცრი რელიგიური სკოლა. ეს ორივე ქალი ბევრი თვალსაზრისით უცხოა, გარიყული, და ჩაგრული; ანტუანეტსაც და ჯეინსაც ვიწრო სივრცეებში ჩაკეტავენ ხოლმე - ჯეინს ბავშვობაში წითელ ოთახში, დასჯის მიზნით კეტავენ, ანტუანეტი კი ცხოვრების ბოლო წლებს სხვენშია ჩაკეტილი ატარებს. ანტუანეტიც და ჯეინიც ედვარდ როჩესტერში არიან შეყვარებული და მისი ცოლები ხდებიან.
მაგრამ, მსგავსებასთან ერთად, ამ ორი ქალი პერსონაჟის გზა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ანტუანეტის ბედისწერა მრუდე სარკესავით ირეკლავს ჯეინის პერსონაჟისას - ანტუანეტი, შემდგომში ბერთა, გაუცხოების, მარტოობის, უსიყვარულობის, მარგინალიზაციის შედეგად ფსიქოლოგიურ რღვევას განიცდის და განადგურებულია, ხოლო ჯეინი, თავისი მორალური პრინციპებით და კეთილშობილი ბუნებით, ბრონტესთან ბოლოს ტრიუმფატორად გვევლინება.
რომანის იდუმალებას მისი სახელწოდებაც ამძაფრებს - „ფართო სარგასოს ზღვა“. ეს გამორჩეულად მისტიკური ზღვაა - ერთადერთი ზღვა,
რომელსაც არ აქვს ხმელეთის ნაპირი. სარგასოს ზღვა მთლიანად ატლანტის ოკეანეში მდებარეობს და მას ზედაპირზე მცურავი წყალმცენარეები, სარგასუმისებრნი გამოარჩევს. სარგასოს ზღვა ბერმუდის სამკუთხედთანაა - და მწერალმაც, დიდი ალბათობით, თავისი რომანისთვის ამ სახელის არჩევით მისი მთავარი პერსონაჟის ტრაგიკული ბედი გამოხატა. როგორც ეს სამკუთხედია დაკავშირებული ლეგენდებთან გემებისა და თვითმფრინავების დაკარგვის შესახებ, ანტუანეტიც ასევე კარგავს საკუთარ თავს და შეშლილობაში იძირება, როცა ის ქმარს იამაიკიდან ინგლისში, სარგასოს ზღვის გავლით მიჰყავს.
პოდკასტის ამ გამოშვებაში „ფართო სარგასოს ზღვაზე“ ვესაუბრებით ბრიტანელ მწერალს, დოქტორ ლორა ფიშს, რომელიც ნორთუმბრიის უნივერსიტეტში ასწავლის შემოქმედებით წერას და ამ წიგნს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რომანად მიიჩნევს ბრიტანული ლიტერატურის ისტორიაში. და, „ჯეინ ეარიდან“ ამონარიდების გარდა, გთავაზობთ „ფართო სარგასოს ზღვის“ ნაწყვეტსაც, რომელიც საგანგებოდ ამ პოდკასტისთვის ვთარგმნეთ ქართულად.