ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს 24 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გეგა გეგეშიძეს არ შეეზღუდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის უფლება.
„მიგვაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ვინაიდან, მოწმეთა დიდი ნაწილი სწორედ ამ პირის დაქვემდებარების ქვეშაა და შესაძლებელია მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხე არსებობდეს.
ზემოაღწერილ ფაქტში მონაწილე პირების ნაწილი და მათ შორის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ, გეგა გეგეშიძის ძმა ვლადიმერ გეგეშიძე, მონაწილეობდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტშიც“, - წერია საიას განცხადებაში.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე 22 იანვარს დააკავეს სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტის საფუძველზე. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.
24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა 5 000-ლარიან გირაოს. დროებითი ღონისძიების სახით ასევე მოთხოვნილი იყო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერება, თუმცა მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა არ დააკმაყოფილა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა და მას მხოლოდ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს „ჩაატაროს ყოველმხრივი სრული და ობიექტური გამოძიება სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით“ და ასევე „გამოიძიოს შესაძლო მტკიცებულებების განადგურებისა და სპორტის სასახლეში მყოფ თვითმხილველებზე სავარაუდო მუქარის ფაქტები“.
ამასთან, განცხადებაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შემაშფოთებლად მიიჩნევს 2019 წლის 25 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დაუდგენელმა პირმა ესროლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო. ეს ფაქტი საიასთვის ნიშანდობლივია იმითაც, რომ სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ინფორმაცია სპორტის სასახლეში მომხდარ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით.
საია აუცილებლად მიიჩნევს იმის დადგენას, უკავშირდებოდა თუ არა „დავით ერაძის სახლზე განხორციელებული სროლა მის ჟურნალისტურ საქმიანობას“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საია მონიტორინგს უწევდა სოფელ კორცხელში მომხდარი დანაშაულების გამოძიების პროცესსა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობას. „უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში 50-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, რაც შესაბამისი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, თუმცა პროკურატურამ მხოლოდ ექვს ადამიანს წარუდგინა ბრალი. ამიტომ, რაც კვლავაც აქტუალურია საკითხი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების განხორციელებასთან დაკავშირებით“, - წერია საიას განცხადებაში.