Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე ხელისუფლების დუმილი საქართველოს აზიანებს


პარტია „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებისგან მოითხოვს პასუხს, რა პოზიცია აქვს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი, რადგან რუსეთის ეკლესია პუტინის რეჟიმის ნაწილია და წარმოადგენს მის ინსტრუმენტს მეზობლების წინააღმდეგ აგრესიისთვის და მთლიანად მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ. გიგა ბოკერიას თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური შედეგების მომტანი მოვლენაა და არ არის მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვება. „ჩვენ საქართველოში გვაქვს ნანახი როგორ იყენებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენას პუტინის რეჟიმი პირდაპირ აგრესიაში, თუ პროპაგანდისტულ ომში ჩვენი ქვეყნის შიგნით თავისუფლების წინააღმდეგ“ - განაცხადა თბილისში გამართულ ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, პოლიტიკოსებმა პოზიცია აუცილებლად უნდა გამოხატონ და სწორედ ამიტომ მიულოცა "ევროპულმა საქართველომ" უკრაინელ ხალხს ეს გამარჯვება.

გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის და „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან დღემდე არ მოუსმენიათ პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა გაუგებარი განცხადება და ხელი ეკლესიისკენ გაიშვირა. გიგა ბოკერიას შეფასებით, მსგავსი პოზიცია ფუნდამენტურად არასწორია, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფო და ეკლესია გაყოფილია და საზოგადოების წინაშე ხელისუფლებაა ანგარიშვალდებული. ბოკერიამ მედიას მიმართა, ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვას შეკითხვა, როგორია მათი პოზიცია და „რატომ აქვთ ის პოზიცია, რაც აქვთ." გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევთ, რადგან მათ „ევროპული საქართველო“ პარლამენტში დაიბარებს.

„მაგრამ, თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის. შესაძლოა, ეს კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე საზოგადოებრივი დისკუსიისთვის და იმ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი საქართველოში აწარმოებს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

XS
SM
MD
LG